ვენეციურ-ჟენევური გზამკვლევი პოლიტიკურ გვამთათვის

ვენეციურ-ჟენევური გზამკვლევი პოლიტიკურ გვამთათვის

ეჭვგარეშეა, რომ უმეტესწილ განუვითარებელ სახელმწიფოებში პოლიტიკური სარბიელიდან გაქრობა პარტიათათვის და მათ თვითდანიშნულ ხელმძღვანელთათვის სიკვდილის ტოლფასია, ვინაიდან ამ  არიციებმა და თაღლითებმა დანამდვილებით იციან, რომ სახელმწიფო სახსრების გაფლაგნვისა და ქურდობის მეტი არაფერი შეუძლიათ. საქართველოსნაირ „დემოკრატიის შუქურა“ სახელმწიფოშიც კი, პოლიტიკური ავანსცენიდან ჩამოსვლას თითქოსდა შედეგად მოუსავლეთში სამარადისო განსვენება უნდა მოჰყვეს.

მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა, რასაც ქართულ პოლიტიკურ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. აქ, ასჯერ მკვდარიც რომ იყოს, FBI-ს მიერ ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევაშიც კი, ყოველი პარტია აცხადებს რომ იგი ცოცხალთა შორის ყველაზე ცოცხალია და მიუხედავად იმისა რომ ძალზე ცუდი სუნი ასდის, სახელმწიფოს ცხოვრების ზედაპირზე ტივტივის  ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია.

უფრო მეტიც - ასეთი პარტიები სრულ სექსუალურ სრულყოფილებაზე აცხადებენ პრეტენზიას და მათნაირი მახინჯების რეპროდუქციის მიზნით მზად არიან უმრავლესობის კოალიციასთან უსიყვარულო კოაბიტაციის პროცესში ქვეწოლაზე, რაც შემდგომ სრულ უფლებას აძლევთ პროფესიონალ მეძავთა სტატუსით იჩივლონ დასავლელ სუტენიორებთან მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის მოტივით. მათ ავიწყდებათ, რომ ტერმინი კოაბიტაცია საყვარელთან სექსუალურ ურთიერთობას ნიშნავს. ამ საქმით დაკავებულებმა კარგად იციან, რომ ნორმალური სექსი თავისუფალი ჭიდაობის ელემენტებსაც შეიცავს, რის გამოც ამ პროცესს ზოგჯერ მცირე ჩალურჯებებიც შეიძლება მოჰყვეს, რისთვისაც ძალადობის კვალიფიკაციის მიცემა ამ ქმედებისათვის ყოვლად გამორიცხულია.

გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ თითქოსდა უკვე დასამარხად გამზადებული ნაცხროველთა პარტია, მის წევრთა სახით ქადაგადაა დაცემული და გაუთავებლად ყბედობს დემოკრატიაზე, სამართალზე, დასავლულ ფასეულობებზე და რაც მთავარია მათ უბიწოებაზე, მაშინ როდესაც ცხონებული პლეხანოველი მარინა მათთან შედარებით სწორედაც რომ დედა ტერეზაა. ეს ყბედობა იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ინდონეზიურმა საინფორმაციო სააგენტო PIRANUSA-მ, ნაცხროველთა პარტიას გარყვნილებასა და ხაზინის ქურდობაში დევისის გუნდური პრიზის ტოლფასი, ძველბერძნული მითის გმირის სახელობის - მარადიული პირანუსას პრიზი, ხოლო მის სწორუპოვარ ლიდერს და ქარიზმის მწვერვალს, ძალად ძველ ბიჭს კი პირწავარდნილი პირანუსას წოდება მიანიჭა.

ვინაიდან და რადგან პირანუსელთა პარტია არ ცნობს არავითარ ქართულს და აცხადებს, რომ მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო და განსაკუთრებით დასავლეთევროპული იდეებით იკვებება და ამჟამადაც იქაურ წვეთოვანზეა მიერთებული, წარმოიშვება იმის გარდუვალი აუცილებლობა რათა სწორედაც ევროპული და გაეროს საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე შეფასდეს პირანუსელთა და მის სატელიტთა ცხრაწლიანი თარეში, მათთვის საბოლოო განაჩენის დადგენის მიზნით.

ამ საქმეში, სავარაუდო იყო, რომ აქტიურად ჩაერთვებოდა საქართველოს საგარეო უწყება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, კოაბიტაციაში მისი ხალისიანი, სანთლების ჭერაში აქტიური როლის გამო იგი თავს იკავებს ამგავრი ავანტიურისგან და როგორც au pair-მა კალანდაძემ დაუბარა, აცხადებს რომ მისი პირანუსელი კადრები ვილნიუსის ივენთისათვის ემზადებიან და ასეთი წვრილმანებისთვის არ სცალიათ.

პირანუსელთა, ისევე როგროც საქართველოში არსებულ ასობით მკვდრადშობილ და აბსოლუტურად პარაზიტულ პარტიათა გაუქმება გარდუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. მათი შემდგომი არსებობა კარდინალურ წინააღმდეგობაშია საქართველოს სახელმწიფოებრივ არსებობასთან და მის განვითარებასთან, ვინაიდან მათი სიმრავლის გამო დღისით მზეს და ღამით მთვარეს ჩრდილავენ, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის სოფლის მეურნეობის აღორძინებას და სულ მალე მანჰეტენზე ვოლმარტში ქართული პრასის გამოჩენას.

 გაუქმების ამ პროცესში სახელმძღვანელოდ უნდა იქნას გამოყენებული სამართლის მეშვეობით დემოკრატიისათვის ევროპული კომისიის (ვენეციის კომისიის) მიერ მიღებული დებულება „პოლიტიკურ პარტიათა აკრძალვის, დაშლისა და ანალოგიურ ზომათა შესახებ“. (CDL. INF(2000)001). ეს დოკუმენტი ჩვენმა ჭეშმარიტად პირანუსელმა ელჩმა მოგვაწოდა სტრასბურგიდან.

ევროსაბჭოს ამ დოკუმენტისადმი მიმართვა განპირობებულია იმ სავალალო ფაქტით, რომ პირანუსელებმა და მათმა სატელიტებმა პირად მენიუდ აქციეს საქართველოს კონსტიტუცია და ერთიანად გაანადგურეს სამართლის ყველა დარგი. ამის გამო, ამჟამად ამ დოკუმენტთა გამოყენება რაიმე სამართლებრივი საკითხის გადასაწყვეტად, ისევე როგორც პირანუსლთა სასამართლოსადმი მიმართვა სრული აბსურდის ტოლფასი ქმედებაა.

დასავლეთში აქსიომადაა მიჩნეული, რომ პოლიტიკური პარტია საზოგადოების მსახურია, შესაბამისად - ეს მსახურება დიდ პატივად ითვლება და უფრო ქვეყანაზე ზრუნვის, ვიდრე პირადი გამდიდგების თუ გამორჩენის საშუალებაა. მაგალითად, შვეიცარიაში პარლამენტის დეპუტატები იღებენ რა ამ საქმიანობისთვის არცთუ დიდ ხელფასს, იმავდოულად ოფიციალურად განაგრძობენ მუშაობას ძირითადი სპეციალობით მათ სამსახურებში.

საქართველოს სინამდვილეში პარტიული საქმიანობა ტრადიციაულად, კომუნისტებისგან დაწყებული და პირანუსელებით დამთავრებული ქვეყნის განუკითხავ, ერთპიროვნული ძარცვის უფლებასთანაა დაკავშირებული. ამ პროცესის განხორციელებისას, პარტიულ მღრღნელთა რიგებში შეღწევის ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას მორალის, სინდისის, კაცთმოყვარეობის არ არსებობა, უცხო ტომისადმი კუთვნილება ან სულაც ფიზიკური ნაკლი -ენაბლუობა, სიელმე ან სულაც მენინგიალური დაავადებები წარმოადგენს.

ამ აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, რაც სრულად გამორიცხავს დავალებათა ცენტრალიზებულად შესრულების პროცესში რაიმე თვითნებურ ქმედებას, პარტიად წოდებული, დანაშაულებრივი მიზნით გაერთიანებული დიდი და მათთან მიტმასნილი პატარა ხროვები პირველ რიგში, პერმანენტულად იწყებენ ახალი ადამიანის შექმნაზე ზრუნვას. ამ ადამიანისთვის ზედმეტი უნდა იყოს სახელი, მამის სახელი, გვარი, ეროვნება. მისთვის პირანუსელთა აზრით საიდენტიფიკაციო ნომერიც კმარა. ეს პირანუსელთა ლაბორატორიებსა და კაბინეტებში გამოყვანილი მუტანტები შეიძლება იყურებოდნენ, მაგრამ ვერაფერს ვერ უნდა ხედავდნენ; შეიძლება ესმოდეთ მაგრამ ვერაფერს ვერ უნდა იგებდნენ; მეტყველებდნენ, მაგრამ მხოლოდ ცნებებით, რომელსაც პარტია დაუდგენთ და რომლის შინაარსის გაგებაშიც არ იქნებიან - არადა, როგორც დიდი გიორგი გვასწავლის, მთავარია გაგება. 

ქართულ „პარტიაში“ მთავარია კაპო დი კაპისადმი სრული მორჩილება, რაც გულისხმობს იმას, რომ მზად უნდა იყო იმისთვის რომ ნებისმიერი კაპი მისებრ ცუღლუტურად შეეთამაშება შენს ცოლს, დას, დედას, თავს გაგიხეთქავს საფერფლით, სულაც გაგგუდავს, გაგიყიდის ქვეყანას, სტამბოლის ბაზარში გაგიქცევს ოჯახის ყველა წევრს, თვითონ კი კოკაინით გაბრუებული და დაელმებული დღენიადაგ განაგრძობს მითვისებული მილიარდების თვლას, ქვეყნის დამოძღვრას და ლობისტების მიერ მოსყიდული გადამთიელი პოლიტიკოსების დაბოლებას.

შესაძლებელია ასეთი მზაკვრული სურვილები ზოგიერთს დასავლეთშიც ჰქონდეს, მაგრამ მათ სახელმწიფოებში საუკუნეთა განმავლობაში შექმნილია სამართლებრივი სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ამგვარი საშიშროების რეალობად ქცევას.

ვენეციის კომისიის მიერ პოლიტიკური პარტიების არსებობის ყველა ეტაპის მარეგულირებელი ნორმების გაანალიზების მიზანი იყო რიგი ძირითადი პრინციპების დადგენა ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნისა და სხვა ქვეყნებისათვის, რომლებიც სრულად იზიარებენ იმ ვალდეულებებს რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშია დაფიქსირებული. ეს კონვენცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, არის არა მარტო საერთაშორისო სამართლის ეფექტური ინსტრუმენტი, არამედ „ევროპული საზოგადოებრივი წესრიგის კონსტიტუციური ინტრუმენტიც“, ე.ი. ფაქტობრივად, ევროპულ სახელმწიფოთა კონსტიტუცია.

ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არც საქართველოს ე.წ. კონსტიტუცია და არც რომელიმე კანონი არ, ან არასწორად არეგულირებს პოლიტიკურ პარტიათა შექმნის, საქმიანობისა და გაუქმების წესს, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით ხელმძღვენალობა  სავალდებულოა. პარტიათა მიმართებაში, ეს კონვენცია უპირატესად გაერთიანების თავისუფლების პრინციპის სავადებულობას უსვავს ხაზს.

ვენეციის კომისიის ზემოხსენებულ დოკუმენტში დეტალურადაა გაანალიზებული პოლიტიკურ პარტიათა შექმნის, მათი საქმიანობის და გაუქმების მრავალრიცხვოვანი სამართლებრივი საფუძვლები, რომელთაგანაც მხოლოდ ზოგიერთს შევეხებით.

პორტუგალიაში და სლოვენიაში კონსტიტუციები ერთმნიშნვნელოვნად კრძალავენ პარტიას, რომელიც მის სიმბოლოდ ეროვნულ და რელიგიურ სიმბოლოებს იყენებს.

რიგ სახელმწიფოებში არსებობს პარტიათა დასახელების მარეგულირებელი მკაცრი წესები. მაგალითად, კანადაში პარტიის დასახელება არ შეიძლება შეიცავდეს სიტყვა „დამოუკიდებელს“, არგენტინაში პარტიის დასახელებაში არ შეიძლება იყოს სიტყვა „ნაციონალური“.

პოლიტიკურ პარტიათა შექმნა და ფუნქციონირება რიგ შემთხვევებში დამოკიდებულია მის წევრთა რიცხოვნებაზე და აქტიურობის ხარისხზე. მაგალითად, ესტონეთში პარტიის დასაარსებლად სავალდებულოა რათა მასში მინიმუმ ათასი წევრი იყოს გაერთიანებული, ლატვიაში ეს რიცხვი ორასს, ლიტვაში ოთხასს, ბელორუსიაში კი მინიმუმ ხუთასს უნდა  შეადგენდეს. უნგრეთში პარტია უქმდება, თუკი იგი ერთი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებს.

უკრაინაში  პარტიის დაფინანსების კანონმდებლობის სისტემურ დარღვევას შედეგად შესაძლებელია პარტიის გაუქმებაც მოჰყვეს. ესპანეთში პოლიტიკური პარტია შეიძლება აიკრძალოს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, თუკი იგი მიჩნეულ იქნება დანაშაულებრივ ორგანიზაციად, განსაკუთრებით თუკი მისი მიზნები დანაშაულის ჩადენა ან მისი ხელშეწყობაა, ან თუკი იგი  შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი ან ორგანიზაციაა.

ჩეხეთის რესპუბლიკაში და სლოვაკეთში აკრძალულია პარტიები რომელიც ცდილობენ გამოიყენონ კონსტიტუცია რათა კონსტიტუტციურად არ დაუშვან სხვა პარტიების კონსტიტუციურად ხელისუფლებაშ მოსვლა, ან ძირს უთხრიან მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას.

დანიისა და პორტუგალიის კონსიტუტციები ითვალისწინებენ პარტიათა აკრძალვის შესაძლებლობას, რომლებიც მიმართავენ ძალადობას ან ხელს უწყობენ მას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს ძალადობა არ არის დაფუძნებული რასიზმზე და არ ისახავს ძირგამომთხრელ მიზნებს.

რიგ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში კანონმდებლობა მიმათულია რათა აკრძალოს პოლიტიკური პარტიისა და სახელმწიფოს შერწყმა. უნგრეთის კონსტიტუცია პოლიტიკურ პარტიას უკრძალავს პოლიტიკური ხელისუფლების უშუალო განხორციელებას ან ხელისუფლების ორგანოს კონტროლირებას. პარტიის წევრებმა და ხელმძღვანელებმა არ შეიძლება დაიკავონ სახელმწიფო თანამდებობები.

გარდა ამისა, არასახელმწიფო სამხედრო და ნახევრად გასამხედროებული ფორმირებების შექმნის საერთო აკრძალვა პრიდაპირაა დაფიქსირებული პოლიტიკურ პარტიათა შესახებ შემდეგი ქვეყნების კანონმდებლობაში: ალბანეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, საქართველო, სლოვაკეთი, უკრაინა, პორტუგალია. ესტონეთში, მხოლოდ იმ ფაქტს რომ ორგანიზაცია ფლობს იარაღს, მივყავართ მისი, როგორც პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირების აკრძალვამდე.

ნორმალურ სახელმწიფოში მოქმედი რიგითი პარტიისათვის სავარაუდოა, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს პრეცედენტის ან მაგალითის მნიშვნელობა მიენიჭებოდა. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ შეხებია პირანუსელთა და მის ქვეშემვრდომ პარტიებს, რადგანაც ისინი იყვნენ და დღესაც ცდილობენ დარჩნენ იმუნორნი ყოველივე კანონიერისა და სამართლიანისაგან.

ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „კასრების საქმე“, რომლის ორგანიზატორადაც პირანუსელთა პარტია და მათი პირწავარდნილი ლიდერი პირანუსა გვევლინებიან. მათი განცხადებით, საქართველოს დამპყობთაგან ხსნის მიზნით ეს პარტია, რომლიც სრულად ახდენდა და ახდენს მის გაიგევებას სახელმწიფოსთან, კასრებში ინახავდა უკანონო იარაღს შემდგომში ძლევამოსილი შტურმის განხორციელების მიზნით. რეალურად, ეს იარაღი ამ პარტიის მიერ შექმნილი კრიმინალური ბანდებისთვის იყო განკუთვნილი, რომელსაც ოპოზიციური პარტიები უნდა გაენადგურებინა. შესაძლებელია,რომ საქართველოს კონსტიტუციაში და კანონმდებლობაშიც კი მოიძებნოს მუხლები, რომლებიც პირანუსელთა ქმედებას შეაფასებდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ქმედების პროცესუალურად განმხორციელებელი ორგანოები ამ საქმეში საკმაოდ ზანტად ისრჯებიან, სავარაუდოდ კვლავაც კოაბიტაციის მოტივით ან სამართლიანი სასამართლოს არ არსებობის გამო.

დიდი ხანია დადგენილია, რომ საქართველოში შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს, მით უმეტეს შეუნდობელია უბრალო ბლოგერი, თორემ იმის დადგენას რა უნდა თუ როგორი უნდა იყოს, ან არ იყოს პოლიტიკური პარტია. თეორიულად სავარაუდოა, რომ მიუხედავად ქართული სკეფსისისა, პოლიტიკური პარტიები მაინც უნდა არსებობდნენ, რადგან უბრალოდ უხერხულია, თორემ ნებისმიერმა ჩვენებურმა იცის მათი ფასი.

ქართველთა უმრავლესობის პარტიული ლიდერობისადმი უსაზღვრო ლტოლვა ელემენტარულად შეიძლებოდა მოშთობილიყო პარტიული მოღვაწეობის მსურველთათვის იმის დადგენით, რომ მათ უპირობოდ უნდა დაეცვათ ათი მცნებიდან ერთი მაინც.

პარტიული ცხოვრების მოტრფიალენი უეჭველად ამოირჩევდნენ მეცხრე მცნებას რომლითაც იკრძალება ყოველგვარი ტყუილი. შემდეგ, ეს მცნება ექსპერტიზაზე გადაეგზავნებოდა რომელიმე დასავლურ დემოკრატიულ ცენტრს, რომელიც  უეჭველად დაადგენდა, რომ სიცრუის თქმა და ხაზინის ქურდობა დემოკრატიის ლოზუნგით მხოლოდ პირანუსელთა და მათ სატელიტთა აქსკლუზიური უფლებაა. ამის შედეგად, პირანუსელები ყველა დანარჩენ ცხრა მცნებას თავადაც მოუვლიან.

ამ პირობებში ალბათ უფრო უპრიანი იქნებოდა მოზრდილი მოსახლეობის მედიკამენტოზური ვაქცინაცია ვირის ტვინით. როგორც ცნობილია, ვირი ერთადერთი ცხოველია რომელიც ცოცხალი თავით მეორეჯერ იმ გზით არ წავა რომელზედაც ოდესღაც ხიფათს გადაეყარა. ვირის ეს თვისება ამომრჩეველს შესძენს იმის უნარს რომ რეალურად შეაფასოს ყოველი პარტია და მის ლიდერთა წარმომავლობა ბებიათა და ბაბუათა გვარების ზუსტი მითითებით, განვლილი საქმიანობა, ქონებრივი მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა - ყველა გადატანილ ავადმყოფობათა მითითებით, ყველა საზღვარგარეთლი საბანკო ანგარიში და საქართველოი რეალურად არსებული საფინანსო წილები და ისე შეაფასოს პარტიები, ანუ საზოგადოების კეთილდღეობაზე ფასიანად მზრუნველები, თუკი ამ მოთხოვნათა გამოქვეყნების მერე კიდევ დარჩება პარტიული საქმიანობის ვინმე მსურველი..

ვინაიდან და რადგან ყოველივე ეს აიზეკ აზიმოვის ფანტაზიის ტოლფასი აბსურდია, უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს მწარე რეალობას, რომელშიც აღმოვაჩენთ, რომ საქართველოში არც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირებს ჰქონდათ შენდობა თუკი ისინი პირანუსელების დაკრულზე არ ბუქნაობდნენ და პირწავადნილ პირანუსას არ ასხავდნენ ხოტბას.

ამის ნათელი მაგალითია მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის, ბ-ნ მაინა კიაის ანგარიში, რომელმაც პირადად განახორციელა ვიზიტი საქართველოში აღნიშნული საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით 2012 წლის თებერვალში. ვიზიტის დამთავრებისთანავე, 2012 წლის 13 მარტს, სპეციალურმა მომხსენებელმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება რომელშიც ნათქვამია შემდეგი:

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არსებობს ბევრი შემაშფოთებელი ნიშანი, რომლებიც მიანიშნებენ, რომ საქართველოს განვითარების ზოგადად პოზიტიური ტრაექტორია შეიძლება გზას ასცდეს და მოდერნიზებაზე კონცენტრირებას შედეგად მოჰყვეს შიშის ყოვლისმომცველი გარემოს შექმნა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა  უკანონო შეზღუდვები.

საქართველომ ბევრ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ამ ეტაპზე იგი იმყოფება კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც მას შეუძლია გადადგას შემდგომი ნაბიჯები  პროგრესის გზაზე, ან ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით უკან დასწიოს ქვეყანა. ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს შეუძლია გააგრძელოს წინსვლა აყვავებისაკენ, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისაკენ, ადამიანთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა გახლავთ. თუმცა უკანასკნელ პერიოდში მიღებული საკანონმდებლო აქტები, ასევე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ქმედებები როგორც ჩანს, საფრთხეს უქმნის ამ გზას.

2011 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრებების უფლებებზე. მე ვთვლი, რომ ეს ცვლილებები, რომლებშიც შიგადაშიგ ორაზროვანი ენაა გამოყენებული, მთლიანობაში უნდობლობის ატმოსფეროს ქმნის და, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად არღვევს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს.

მოქალაქეების პოლიტიკური კავშირების შესახებ ორგანული კანონი, რომელშიც ცვლილებები შევიდა, შეზღუდვებს უწესებს ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, და მათ შორის - „საქმიანი ურთიერთობის მქონე პირებს“, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნიათ. ეს არღვევს გაერთიანების უფლებას და პოტენციურ საფრთხეს უქმნის ამ უფლების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო გაერთიანებებს, რომელთა საქმიანობაც შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს პოლიტიკური ხასიათის მქონედ.

როგორც იკვეთება,  უახლესი ცვლილებები ნაკარნახევი იყო კონკრეტული პიროვნების პოლიტიკური ქმედებების გაკონტროლების სურვილით და არა ობიექტური და არსებითი მიზეზებით. ისტორია გვასწავლის, რომ მსგავსი სუბიექტური მიზნებისთვის შექმნილი კანონები ხშირად არღვევენ ადამიანის უფლებებს და ცხოვრების ცვლად გარემოში არამდგრადობით გამოირჩევიან.

ჩემში განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კანონი კონტროლის პალატას ანიჭებს სრულ თავისუფლებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთების გარეშე. აგრეთვე, არ არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების ნათელი კრიტერიუმები და, საერთოდაც - შესაძლებლობა, გასაჩივრებულ იქნას გადაწყვეტილება იმის თაობაზე, აქვს თუ არა ამ თუ იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს „კავშირი“ პოლიტიკურ პარტიასთან. მე მტკიცედ ვაცხადებ, რომ კამპანიის ფინანსებზე მონიტორინგის განმახორციელებელი ნებისმიერი უწყება უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი – და ასეთად უნდა იყოს მიჩნეული – მისი ძირითადი უფლებასმოსილების ფარგლებში და რეალურადაც.

მე მინდა, ასევე, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკვე კარგა ხანია, არსებობს გარკვეული შეშფოთება – რეგიონალურ ორგანიზაციებსა და გაეროში – იმის თაობაზე, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ზღვარის გავლება მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში. მე ხაზს ვუსვამ, რომ თუკი მთავრობამ პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების შემზღუდავი წესების შემოღება გადაწყვიტა, აღნიშნული წესები გაერთიანების თავისუფლებით სარგებლობას ხელს არ უნდა უშლიდეს. იმ ფორმით, როგორითაც ეს ნორმები დღესდღეისობით არსებობენ, ისინი ქმნიან პოლიტიკური თამაშის არათანაბარ პირობებს და, შესაბამისად, არღვევენ გაერთიანების დამოუკიდებლობის უფლებას.

ეს ასევე ეხება სახელმწიფოს რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რაც აშკარად ერთ პარტიას უწყობს ხელს სხვების ხარჯზე. ვიდრე არ იქნება ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის, ეს კვლავ პრობლემად დარჩება და დაძაბულობასა და განხეთქილებებს გამოიწვევს.

პროფკავშირები ძალიან რთულ სამუშაო გარემოში მოქმედებენ. მე შეშფოთებული ვარ განცხადებებით, რომ საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში სამსახურიდან ათავისუფლებენ თანამშრომლებს ოპოზიციური პარტიების აშკარა მხარდჭერის გამო. ეს უფრო მეტად შეეხება მასწავლებლებს, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე მუშაობენ და არ არიან დაცულნი, როგორც საჯარო მოხელეები. ასევე შეშფოთებული ვარ შევიწროებისა  და დაშინების ფაქტებით მშრომელების წინააღმდეგ, რომლებიც გაერთიანებულნი არიან პროფკავშირებში, ან გამოხატავენ თავიანთ სიმპათიას ამ ორგანიზაციების მიმართ ან მათში გაერთიანების სურვილს.

ვშიშობ, რომ აღნიშნული შეზღუდვები შემოღებულ იქნა იმისათვის, რომ ხელი შეეშალოს მოქალაქეებს, მშვიდობიანი პროტესტის გზით გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები. საქართველოს უშიშროების კუთხით არსებული პრობლემების გათვალისწინებითაც კი, საგარეო მტრულ ძალაზე გამუდმებული გადაბრალებით ვერ გამართლდება ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, მართლაც ჰქონდეთ კონკრეტული ჩივილი და რეალური უკმაყოფილება, რომლის გამოხატვაც მათ ამ ფორმით სურთ, რაც ხშირად  იმედგაცრუების გამოვლინებაა.

ყველაფერი მიუთითებს, რომ მთავრობის რეაქცია [26 მაისის ფაქტებთან დაკავშირებით] აშკარად არაპროპორციული იყო. არსებობს იმის დასაბუთებული მტკიცებულება, რომ საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგაც ადგილი ჰქონდა ადამიანების ცემას და რომ პროტესტის მონაწილეებს მისდევდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ. ყოველივე ეს ბადებს ეჭვს, რომ მიზანი იყო არა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლა, არამედ მათი დასჯა და საზოგადოებაში შიშის დანერგვა.

მეორე საკითხი, რომელიც აგრეთვე განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში მშვიდობიან შეკრებებთან დაკავშირებით, გახლავთ 90 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობისა და სასჯელის განზრახ გამოყენება შესაბამისი პროცედურული დამცავი მექანიზმების გარეშე. ეს უკავშირდება მიმდინარე გეგმებს, ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილ იქნეს დებულება ადმინისტრაციული დაკავების 12 საათიდან 24 საათამდე გაზრდის თაობაზე. შეშფოთებული ვარ დაკავების აღნიშნული ფორმის ასეთი სიხშირით, ფაქტობრივად მუდმივად გამოყენებაზე, განსაკუთრებით პროტესტის მონაწილეებთან მიმართებით. ეს მცირე მნიშვნელობის დანაშაულები გახლავთ და ხელისუფლებამ ეჭვმიტანილებს უნდა დააკისროს გამოცხადების ვალდებულება, და არ არის საჭირო, ისინი სასტიკ და დამამცირებელ პირობებში ამყოფოს.

უფრო მეტიც - ჩემში გაკვირვებას იწვევს განცხადებები, რომლებიც მიუთითებს სამართლებრივი გარანტიების არ არსებობაზე და იმ ფაქტზე, რომ სასჯელის გამოტანა ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით. სასამართლო ხელისუფლებასთან რიგი საუბრების შემდეგ  ერთობ შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია აშკარად არ არსებობს ვინაიდან ისინი უმთავრესად პოლიციისგან მიღებულ ჩვენებებს ეყრდნობიან.“

ამ ვიზიტს შედეგად უნდა მოჰყოლოდა კიაის მაინას მოხსენება ჟენევაში, ადამიანის უფლებეთა კომისიაში და აქ დაიწყო ის რაც ყოველთვის იწყებოდა და იწყება როდესაც პირანუსელები ცდილობენ საერთაშრისო საზოგადოების გაბრუებასა და დათაყვანებას. კიაის მიმართებაში ეს გამოიხატა მისთვის გაშმაგებულად ცრუ ინფორმაციისა და შეპირებების კასკადის გაგზავნაში, რომლებშიც აღქმული იყო რომ პირანუსელები მეტს აღარ იზავდნენ, გამოსწორდებოდნენ, ფრთებს შეისხამდნენ და წმინდანად გამოგვეცხადებოდნენ.

კიაიმ ამ შეპირებებისა არაფერი ირწმუნა და მის საბოლოო მოხსენებაში დააფიქსირა,რომ იგი მოკლებული იყო საშუალებას დარწმუნებულიყო იმ ცვლილებათა რეალრად განხორიციელების სინამდვილეში, რის თაობაზედაც მას საქართველოს მთავრობამ აცნობა. კიაის ხსენებული  მოხსენება და მთლიანად  გაეროს ადამიანის უფელბათა კომიტეტის A/HRC/20/27/Add.2 დოკუმენტი წარმოადგენს სრულყოფილ საბრალდებო დასკვნას, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ ქვეყანაში, პალაუშიც კი, მის საფუძველზე ნებისმიერი პარტია გაუქმდებოდა.

სამწუხაროდ, დღემდე ხსენებული დოკუმენტის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ შეფასების შესახებ არაფერი გვსმენია, რის მიზეზსაც შესაძლებელია კოაბიტაციის სურნელით ტკბობა ან სულაც ის წარმოადგენდეს, რომ ჩვენს ყოფილ სავარდოში ვისაც პარტიათა გაუქმების საკითხზე ეხებათ მუშაობა, სულაც არ ანაღვლებთ ეს საკითხი. ჩვენ კი დანაღვლიანებულებს ისღა დაგვრჩენია, რომ ქარავანს გამოყოფილ ზოგიერთ აქლემს, მათი გონზე მოყვანის მიზნით მაინც შევძახოთ.