მასწავლებლების განცხადებით, ირანში, გარდაიცვალა 15 წლის გოგო, რომელსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

მასწავლებლების განცხადებით, ირანში, გარდაიცვალა 15 წლის გოგო, რომელსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ჩრდილო-დასავლეთ ირანში, გარდაიცვალა 15 წლის მოსწავლე, რომელსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები სკოლის დარბევის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ, - ინფორმაციას BBC მასწავლებელთა კავშირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მასწავლებლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ სკოლის მოსწავლე გოგონები აიძულა, მონაწილეობა მიეღოთ პროსამთავრობო ღონისძიებაში და შეესრულებინათ ჰიმნი, რომლითაც ირანის ლიდერს ადიდებენ.

BBC-ს ცნობით, ღონისძიების დაწყებისას, რამდენიმე მოსწავლემ დაიწყო მთავრობის წინააღმდეგ სკანდირება, რის შემდეგაც, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა დაცვის თანამშრომლებმა (მათ შორის ქალებმაც) გოგოებს შეურაცხყოფა მიაყენეს და ბევრ მათგანს სცემეს.

„მოგვიანებით, როგორც კი სტუდენტები კლასებში დაბრუნდნენ, მათ [უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებმა] სკოლა დაარბიეს და რამდენიმე მოსწავლეს კვლავ სცემეს. სულ 7 მოსწავლე დაშავდა“ - წერს BBC მასწავლებელთა კავშირის განცხადებაზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი ნაცემი, 15 წლის გოგო სახელად ასრა მოგვიანებით გარდაიცვალა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მას გულის პრობლემები ჰქონდა.

ირანში საპროტესტო აქციები სულ უფრო მასშტაბური ხდება - მიზეზი მაჰსა ამინის გარდაცვალებაა. ის თეირანში, 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინის გულის შეტევა დაემართა, როდესაც დაკავებულ სხვა ქალებთან ერთად განყოფილებაში იცდიდა.