ამ დოკუმენტმა მაშინ დაკარგა სახე, ეფექტი და მასშტაბურობა, როდესაც სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პატიმრის ხსენება მოხდა, - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. მას მიაჩნია, რომ დეპუტატებმა, რომლებმაც ამ ცვლილებას მხარი დაუჭირეს, ორგანიზაციას დათვური სამსახური გაუწიეს.
„2008 წლის რეზოლუციით, ეს ადამიანი და მის მიერ ჩამოყალიბებული რეჟიმი ბრალდებული იყო ომის დაწყების ხელშეწყობაში საქართველოში, ხოლო თუ ავიღებთ ამ რეზოლუციის მე-4, მე-5, მე-9 და მე-11 მუხლს, იქ პირდაპირ წერია, რომ მათ კასეტური ბომბებით დაბომბეს საკუთარი მოქალაქეები. ამას წერს ევროსაბჭო. ამის შემდეგ რომ პოლიტპატიმრად მომიხსენიებს, ეს სასაცილოა. ვისზეა საუბარი? როგორ არის ეს საერთაშორისო მაწანწალა პოლიტიკური პატიმარი? მასზე სტრასბურგის სასამართლოში უარყოფითი დადგენილებებია გამოტანილი, რომ მის დროს, მისი უშუალო მონაწილეობით ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, ასახიჩრებდნენ“, - განაცხადა ბარამიძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა - მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.