მაია ბითაძე: გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვუხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ჩემს ოჯახს, ჩემს კოლეგებს - ძალიან მერიდება, რომ ერთ დარბაზში ვზივარ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ

მაია ბითაძე: გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვუხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ჩემს ოჯახს, ჩემს კოლეგებს - ძალიან მერიდება, რომ ერთ დარბაზში ვზივარ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ

„მთელი ზაფხული ვფიქრობდი, რა იქნება ის, რაზეც ჩვენი პატივცემული ოპოზიციონერები შემოდგომაზე ახალ ფრონტს გახსნიან. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ, თვალნათლივ ვხედავთ, თუ რა ბინძური მეთოდებია გამოყენებული პოლიტიკური ქულების დასაწერად. უბრალოდ, ამით პოლიტიკურ ქულებს ვერ დაიწერთ. გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვუხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ჩემს ოჯახს, ჩემს კოლეგებს - ძალიან მერიდება, რომ ერთ დარბაზში ვზივარ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ, როგორც გარეთ, ისე შიგნით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია, ხელისუფლებაში მოსასვლელად, გამიზნულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„გვესაუბრებით რეზოლუციაზე... ქალბატონი ეკა ახლა საუბრობდა ტრიბუნალზე. ისიც კარგი იქნებოდა, ქალბატონ ეკას ისიც რომ ეხსენებინა, რომ საქართველო ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საჩივრის შეტანის თანაავტორი და სხვა, ასობით რეზოლუციის თანასპონსორი და თანაავტორი იყო. ასევე, შეგახსენებთ, რომ არსებობს მონტევიდეოს კონვენცია, რომელიც მთავრობას განმარტავს, როგორც მთავრობას, ტერიტორიასა და მოსახლეობას. როდესაც თქვენ, ქვეყნის გარეთ, საქართველოს შეურაცხყოფას აყენებთ, ამით ჩვენს ქვეყანას აზიანებთ, ამის უფლებას არცერთ პლატფორმაზე არ მოგცემთ. კმარა 2008 წლის რეზოლუციის გამართლება, რომლითაც, პრაქტიკულად, აღიარეთ საქართველოს მარცხი და იმის [რეზოლუციის] შედარება რეზოლუციასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია მოხსენიებული. შეგახსენებთ, რომ ყველა ფანატიზმი, მათ შორის მიშიზმი დამღუპველია, არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს სახელმწიფოს პერმანენტულად ზიანი აყენოთ. რატომ არ მოგყვებათ ხალხი აქციაზე? ზუსტად იმის გამო, რომ ეს არის სიყალბე და ჩანს. საუბრობთ რეგულაციებზე, რაღაც პრობლემებზე და ახალი „გადადექი, გადადექი!“ გაქვთ შადრევნის უბედურების გამო. დეპუტატები ხართ და გარდა კანონმდებლობის იმ პროექტებისა, რომლებიც თქვენს პოლიტიკურ მიზნებს ეხება, არცერთ კანონმდებლობაზე არ გიმუშავიათ (ყველას არ ვგულისხმობ), რომელიც დარგობრივ კანონმდებლობას ეხება. საერთოდ არ ხართ საქმის კურსში, რა კანონმდებლობაა შესაცვლელი იმისთვის, რომ ტექნიკური ექსპერტიზის, ინფრასტრუქტურული პროექტების საკიტხები დარეგულირდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული დარგობრივი საკითხების განხილვასა და გამოსწორებაში ჩაერთონ, ტყუილების ტირაჟირებით არიან დაკავებულები.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც უაპელაციოდ ამბობთ, რატომ არ დასრულდა სისხლის სამართლის გამოძიება ოთხ დღეში და ხაზს ავლებთ „ქართულ ოცნებასა“ და წინა ხელისუფლებას შორის, რომელმაც დერეგულაციის 10 წლის ტალღა დაგვცა თავზე, რამაც გამოიწვია ის, რომ ინსტიტუტები გაუქმდა, დარგობრივი მიმართულებით, პროფესიონალები დავკარგეთ. ვცდილობთ, რომ კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დავუახლოვოთ და ამ პროცესში არ მონაწილეობთ, რადგან არ გაინტერესებთ. სამაგიეროდ, გაინტერესებთ ტყუილების ტირაჟირება. ბატონი ლევან ხაბეიშვილი დღეს ისეთ ტყუილებს ამბობდა კომპანიებთან მიმართებით, თითქოს, ვარკეთილის ჭერის დამპროექტებელი იყო იგივე, ვინც შადრევანი დააპროექტა. ეს დიდი ტყუილია. ბატონო ლევან, გთხოვთ, ხარჯთაღრიცხვა და პროექტირება გაარჩიოთ და გაერკვეთ, რას ნიშნავს. ასევე, ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ვიღაცის მსხვერპლშეწირვას ითხოვთ და თავად არაფერს არ აკეთებთ იმისთვის, რომ რეგულაციები გამოსწორდეს. უაპელაციოდ ვსაუბრობთ, ტუმბო ქვემოთ იყოს თუ ზემოთ და ამის თაობაზე არაფერი არ ვიცით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაანებეთ თავი ჩვენი ქვეყნის გაშავებას თავი, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით და დაუბრუნდით იმ საქმიანობას, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობამ აგირჩიათ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.