ტრაგედიის რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირება პოლიტიკური მოროდიორიზმია და სხვა არაფერი! - ასეთია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის პოზიცია „ლელო“ მოთხოვნაზე, რომელიც მმართველი გუნდისგან ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ მათ მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის დაწყებას ითხოვს.
როგორც სარჯველაძემ „ლელოს“ პასუხად აღნიშნა, საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დაწყებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა წინასწარ კონსულტაციებია, რასაც „ლელოს“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
„ხშირ შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივების დროს ოპოზიცია გვაკრიტიკებს, რომ ნაკლები კონსულტაციები იყო, მაგრამ როდესაც თვითონ საერთოდ საკითხს უკონსულტაციოდ წარმოადგენენ, სწორედ ამას უნდა მიაწერონ, რომ კანონის პროექტის განხილვა ისე სწრაფად არ ხდება, როგორი სურვილიც მათ აქვთ. რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, ამ თემაზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, რომელში მონაწილეობისგან, მათ შორის „ლელოს“ წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ლელოს" ლიდერები ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას და ამ თემაზე მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიღებას ითხოვენ, რომელიც პარლამენტს განსახილველად გასულ წელს წარუდგინეს.