ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. თქვენს გამო არ ვართ დღეს კანდიდატები და თქვენ გამო დავკარგავთ ამ ისტორიულ შანსს და პასუხს აგებთ ამისთვის აუცილებლად _ ამ სიტყვებით მიმართა “პალიტრანიუსის” ეთერში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საპალამენტო უმრავლესობის წევრს ბექა დავითულიანს.
„იმ კანონებით, რაც დაარეგისტრირეს, სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. ნეტავ მივიღოთ და თქვენთან მოვალ ეთერში, ბოდიშს მოვიხდი. თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაშინ ბატონი ბექა მოვიდეს და ბოდიში მოიხადოს. მე რომ მქონდეს 76 ხმა, საერთოდ არ ვკითხავდი ოპოზიციას, [რა კანონები უნდა მიმეღო]. დებატებში არსად არ ჯდება “ქართული ოცნება“. მაინცდამაინც ყავა უნდა დამელია თქვენთან ერთად? ჩვენ ვიმუშავეთ და ნამუშევარი მოგიტანეთ, როცა წაიკითხავთ, მაშინ გეშველებათ. არ წაიკითხავთ? – ხალხი გიშველით თქვენ, გაგიშვებთ ხელისუფლებიდან. თქვენ ყველაფერს აკეთებთ რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. თქვენ დაიჭირეთ გვარამია იმ დღეს, როცა პრემიერი ჩავიდა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვეტო დაძლიეთ იმ კანონზე, რაზეც მთელი ევროპა გეუბნებოდათ არ ქნათო. სიმართლე იცით რა არის? – ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. თქვენს გამო არ ვართ დღეს კანდიდატები და თქვენ გამო დავკარგავთ ამ ისტორიულ შანსს და პასუხს აგებთ ამისთვის აუცილებლად“, – მიმართა ვაშაძემ დავითულიანს, რაზეც დავითულიანმა ვაშაძეს უპასუხა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ერთად არ იმუშავა, კანდიდატის სტატუსი კი ქვეყანამ პოლიტიკური კონტექსტის გამო ვერ მიიღო.
„ამ ხელისუფლებამ გააკეთა ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. კანდიდატის სტატუსი არა ჩვენს გამო, არამედ პოლიტიკური კონტექსტის გამო არ გვაქვს. თქვენც მუშაობდით, რომ ეს სტატუსი არ მიგვეღო. „ქართული ოცნება“ პრორუსი არ არის და მართლა არაფერი არ გვჭირს გიორგი შენი შესაცოდი. როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ შესაცოდები, როცა შენ იყავი მიშა სააკაშვილის მინისტრის მოადგილე და დეპუტატი წლების განმავლობაში? გჯერა რასაც ამბობ? გელოდებით და ფაქტები მოგვიტანე“, – უპასუხა დავითულიანმა ვაშაძეს.