კელი დეგნანის განცხადებით, ყირიმის ხიდთან დაკავშირებით „ბევრი სპეკულაციაა“

კელი დეგნანის განცხადებით, ყირიმის ხიდთან დაკავშირებით „ბევრი სპეკულაციაა“

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდთან დაკავშირებით „ბევრი სპეკულაციაა“.

ელჩის თქმით, აშშ საქართველოს საბაჟოსთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან ათწლეულებია მუშაობს, რათა დაიცვან საკუთარი საზღვრები და შეაჩერონ აგრესია.

“ამ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გარეშეც ბევრი სპეკულაციაა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არავის აქვს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან უკვე ათწლეულებია და უზრუნველვყოფთ მათ ყველანაირი შესაძლებლობით, აღჭურვილობით, სწავლებებით და ტრენინგით, რომ დაიცვან საკუთარი საზღვრები, შეაჩერონ აგრესია და ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ”, - აღნიშნა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 8 ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი - უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალეტზე, რომლის საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა“, - აცხადებენ უწყებაში.

რუსული მედიის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის რუსეთის პორტში, ბულგარეთიდან ტრანსპორტირება საქართველოს ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში გაგრძელდა.

„გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი“, - წერს რუსული მედია.

მათივე ცნობით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთი განაბაჟეს, შემდეგ კი საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანით, ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე, გადაკვეთა ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოტვირთეს.

მედიის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა, გამგზავნად მიუთითეს შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო მიმღებად - ყირიმში არარსებული კომპანია.

„იმავე დღეს, პალეტები რუსეთის მოქალაქის, 1971 წელს დაბადებული მახირ იუსუბოვის სატვირთო მანქანაში ჩატვირთეს, ხოლო 2022 წლის 8 ოქტომბერს დილის 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე გადაკვეთისას აფეთქება განხორციელდა“,- აცხადებენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.