ილონ მასკმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე პუტინს ესაუბრა

ილონ მასკმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე პუტინს ესაუბრა

SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.

„არა, ეს ასე არ არის. პუტინს მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე და ეს დაახლოებით 18 თვის წინ მოხდა. [საუბრის] თემა კოსმოსს ეხებოდა“, - აღნიშნა ილონ მასკმა.

მანამდე პოლიტოლოგმა და „ევრაზია ჯგუფის“ დამფუძნებელმა, იან ბრემერმა განაცხადა, რომ პუტინმა მასკთან საუბარში „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა“ დაადასტურა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ყირიმი დარჩება რუსეთის ტერიტორიად და უკრაინა აღიარებს ​ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ​ანექსიას. იან ბრემერის ინფორმაციით, პუტინმა ​მასკს უთხრა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები ყველაფრის მიუხედავად იქნება მიღწეული, მათ შორის პოტენციური ბირთვული იარაღის გამოყენება, თუ უკრაინა შეიჭრება ყირიმში.

3 ოქტომბერს, უკრაინა-რუსეთის თემაზე ილონ მასკმა შემდეგი შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა:

„უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:
- ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნებაა.
- ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
- ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.
- უკრაინა ნეიტრალური რჩება“, - დაწერა ილონ მასკმა.