BBC: ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, უკრაინაში 14 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაიჭრა

BBC: ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, უკრაინაში 14 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაიჭრა

რუსეთის აგრესია უკრაინაში გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე.

როგორც BBC წერს, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 14 ადამიანი, 100-მდე კი დაიჭრა.

ოკუპანტებმა 84-ზე მეტი სარაკეტო და საავიაციო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის თავდაცვის სისტემამ 56 საჰაერო სამიზნე გაანადგურა. ცნობას ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ოკუპანტები განაგრძობენ ფრთოსანი, ბალისტიკური რაკეტების, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას. უკრაინის ძალებმა 43 ფრთოსანი რაკეტა და 13 უპილოტო აპარატი გააანადგურეს.

ოფიციალური კიევი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან საავიაციო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებულია. ოკუპანტების მოგერიების მიზნით უკრაინულმა არმიამ დონბასის ოლქში სამხედრო წვრთნა გაააქტიურა.