Forbes: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა

Forbes: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Forbes-ის რუსული რედაქცია კრემლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მისივე თქმით, ამასთანავე, შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი მათგანი გაემგზავრა ქვეყნიდან ტურისტული მიზნით და რამდენის წასვლა არის გამოწვეული უშუალოდ მობილიზაციის გამოცხადებით.

კრემლთან დაახლოებულმა კიდევ ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან თითქმის მილიონი ადამიანი წავიდა.

ღია წვდომაში არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან ყაზახეთში, საქართველოში, ფინეთში, ყირგიზეთსა და მონღოლეთში 300 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა. რუსეთის მოქალაქეებს შორის პოპულარულ მიმართულებებს ასევე წარმოადგენს სომხეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები, თუმცა ამ ქვეყნებში ჩასული რუსეთის მოქალაქეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.