ნინო წილოსანი ნატო-ში შესვლის განაცხადზე:  მივიღებთ გადაწყვეტილებას იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება

ნინო წილოსანი ნატო-ში შესვლის განაცხადზე: მივიღებთ გადაწყვეტილებას იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება


ნინო წილოსანი ნატო-ში შესვლის განაცხადზე - მივიღებთ გადაწყვეტილებას იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება


„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ საქართველო ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მოცემულობიდან გამომდინარე მიიღებს, რომელიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინას ქვეყანაში მიმდინარე ომი უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველო ვერ იქნება სრულად იდენტურ მოცემულობაში გადაწყვეტილებების მიღების კუთხით.

„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი დასავლური კურსი, ეს იქნება ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანება თუ ევროკავშირში, ეს არის პრიორიტეტი, თუმცა, ნებისმიერ ამ ნაბიჯს გადავდგამთ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. უკრაინა, რომელიც ახლა ძალიან მძიმე გამოწვევის პროცესშია და ომი, რომელიც იქ მიმდინარეობს, ყველას შეშფოთებას და ღრმა წუხილს იწვევს. რა თქმა უნდა, ეს მათ აძლევთ უფრო მეტი და თამამი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას. ამ შემთხვევაში საქართველო ვერ იქნება სრულად იდენტურ მოცემულობაში გადაწყვეტილებების კუთხით, ამიტომ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება“, - განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე, არ იქნება შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე უკეთესი ნაბიჯი ქვეყნისთვის, თუ საქართველო ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადს გააკეთებს, წილოსანმა უპასუხა, რომ უკრაინის მხრიდან ეს ნაბიჯი სწორი იყო.

„უკრაინის მხრიდან გაკეთებული განაცხადები ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკვე შეფასდა ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მის მდგომარეობაში, ქვეყნის გადმოსახედიდან სწორი იყო, რომ დაჩქარებულად მოხდა, თუმცა, საკმაოდ რისკების ფონზე, რადგან ვიცით რომ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა არის საჭირო ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ამიტომ, გარკვეული შიში არსებობს, რომ ეს გადაწყვეტილება მყისიერად მიღებული არ იქნება, თუმცა, უკრაინის შემთხვევაში ვიაზრებთ, რომ ეს გადაწყვეტილება და ეს ნაბიჯი სწორი იყო“,-განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, ამა წლის 30 სექტემბერს, უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.

„დე ფაქტო ჩვენ უკვე გავიარეთ ნატოში ჩვენი გზა. დე ფაქტო ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან ჩვენი თანხვედრა. ისინი რეალურები არიან უკრაინისთვის - რეალურებია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს.

დღეს უკრაინა განაცხადს აკეთებს, რომ ეს დე იურე გახდეს. პროცედურით, რომელიც შეესაბამება ჩვენს მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით.

ჩვენ განმსაზღვრელ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში სწრაფი გაწევრიანების განაცხადის ხელმოწერით”, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.