ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომაც ძალიან მკვეთრი, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბელარუსის ელჩი, მოსთხოვა მას განმარტება და ახლა სამინისტრო არის ამ განმარტების მოლოდინში, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას. კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.
„თავისთავად, ეს ნაბიჯი არღვევს საერთაშორისო სამართალს. ასევე არღვევს ჩვენს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რაც არის საქართველოსა და ბელარუსს შორის. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ბელარუსი დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს და ამ განმარტების ფარგლებში ჩვენ ვნახავთ, რომ რაც შეეხება განსაკუთრებით არ აღიარების პოლიტიკას, აქ რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება. მოთხოვნილ იყო განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იყოს წარმოდგენილი. ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან საქართველოსთან ურთიერთობის და მნიშვნელოვანია ეს წითელი ხაზი არ იყოს გადაკვეთილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს და ვიზიტი დაგმეს. ლუკაშენკოს ჩასვლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებმა დაგმეს.