პოლიტიკოს-ბიზნესმენის პოლიტიკაში ჩართულობის მცდელობასა და დაფინანსებას იმისთვის, რომ ხელისუფლებაში გავლენიანი გახდეს, ჰქვია ოლიგარქია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ეს სხვა ტიპის დაფინანსებაა, არ არის ოლიგარქიულიო. აი, აფერუმ, ძალიან ჭკვიანური ახსნაა. ხომ ყველას გვესმის, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ღიად საუბრობს პოლიტიკური გუნდი გავლენიან ადამიანზე, ხან რომ პოლიტიკოსია, ხან ბიზნესმენი, ან ორივე ერთდროულად, ასეთი ადამიანების პოლიტიკაში ჩართულობის მცდელობასა და დაფინანსებას ერთი მიზნით, რომ ხელისუფლებაში გავლენიანი გახდეს, ჰქვია ოლიგარქია. სხვას, რომ აბრალებენ, რა საკვირველია, საკუთარი შეცდომები უნდა დაინახონ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება და ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად გრძელდება. რა როლი აქვს ამ პროცესში დავით კეზერაშვილს - კვლავ მთავარ კითხვად რჩება. ამ კითხვას პასუხი ნაწილობრივ ლევან ხაბეიშვილმა უკვე გასცა. ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ გარკვეულ აქტივობებს და ზოგიერთ ოპოზიციონერს სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს. „ქართული ოცნებისთვის“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ფინანსები ქართულ პოლიტიკაში შავ ფულს ნიშნავს.