დავით უსუფაშვილი: ვითხოვთ რუსეთთან არა საზღვრის ჩაკეტვას, არამედ დარეგულირებას – მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესებას

დავით უსუფაშვილი: ვითხოვთ რუსეთთან არა საზღვრის ჩაკეტვას, არამედ დარეგულირებას – მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესებას

ჩვენ ვითხოვთ რუსეთთან არა საზღვრის ჩაკეტვას, არამედ დარეგულირებას, არა ადამიანების შემოსვლის აკრძალვას, არამედ მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესებას, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე შეუზღუდავი რეჟიმი მიუღებელი და დაუშვებელია.

„ჩვენ ვითხოვთ არა საზღვრის ჩაკეტვას, არამედ საზღვრის დარეგულირებას, ასევე, არა შემოსვლის აკრძალვას, არამედ მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესებას, თავისი დასაბუთებული გამონაკლისებით. ეს იქნებიან საქართველოს მოქალაქეები, მათი ოჯახის წევრები, რომლებიც რუსეთში არიან, პოლიტიკური დევნილები თუ ჰუმანიტარული და ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე. ის, რომ საქართველოს აქვს შეუზღუდავი რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე, ეს მიუღებელი და დაუშვებელია. სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს როგორც ვადებში, ისე პირობებში. ჩვენ საზღვრის ჩაკეტვას არ ვითხოვთ. ეს ხელისუფლებას დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა. მოვამზადეთ ცვლილებები, სადაც არის მკაფიო ჩარჩო და ეს პრობლემას მოაგვარებს. ამას სჭირდება პარლამენტში პროექტის გატანა. მოსახლეობის მხარდაჭერა სწორედ გამკაცრების მიმართულებით და არა აკრძალვის მიმართულებით, იქნება მკაფიო და ამას ხელისუფლებაც შეისმენს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.