საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებთან დაკავშირებით, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც იყო მოწოდება, რომ დღევანდელი ვითარება არის საშუალება, რომ საქართველომ დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ანუ გამოდის რა, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს საომარი მოქმედებები და პირველი შეხება სად იქნება - ოსებთან და აფხაზებთან. ჩვენ ერთხელ უკვე ასეთი საომარი მოქმედებებით ერთმანეთს დავცილდით, ამის შემდეგ სახალხო დიპლომატიის და ბევრი მცდელობის შემდეგ მოვახერხეთ ის, რომ ნელ-ნელა ერთმანეთთან უფრო ახლოს მივდივართ და ახლა, ისევ უნდა დავეჯახოთ ერთმანეთს და გავიყოთ ერთმანეთის სისხლი და პრაქტიკულად პერსპექტივა ჩავკეტოთ. რა თქმა უნდა ეს მიუღებელია“, - განაცხადა ხუნდაძემ „იმედის კვირასთან“.
ამასთან, პარლამენტის დეპუტატის თქმით, თუკი არსებობს კითხვები პარტნიორი ქვეყნების მიმართ, საჭიროა ამომწურავი პასუხები.
„თუკი კითხვებს ვსვამთ მითუმეტეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ისინი გვეიმედებიან და სწორედ მათგან გვინდა მივიღოთ ამომწურავი პასუხი. ასეთი დამოკიდებულება - კითხვები, რომლებსაც პასუხები არ აქვს, აჩენს შიშს და გვახსენდება ის წარსული, როცა საბჭოური უფროსი ძმა ყოველთვის მართალი იყო და იქ კითხვის დასმის უფლებაც არავის ჰქონდა“, - აცხადებს ხუნდაძე.