მთელი რიგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ადამიანის საუბარს არავითარი სარწმუნოება და ობიექტური საფუძველი არ გააჩნია - მისი საუბრები არის ნიადაგის მომზადება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომელთა მიზანიც პროცესების რადიკალიზაციაა, - ამ კონტექსტში აფასებს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის განცხადებას “ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი.
ოხანაშვილის თქმით, განცხადებები, რომელსაც გოგაშვილი აკეთებს, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
“ძალიან კარგად ვხვდებით, რომ მთელი ეს პროცესი მიმართულია ვახტანგ გომელაურის პროფესიონალიზმისთვის, კეთილსინდისიერებისთვის, მის მიერ გაკეთებული საქმეების და სამომავლო გეგმებისთვის ჩრდილის მისაყენებლად. სქემა, რომლის შენიღბვასაც ცდილობენ, მარტივად იშიფრება. ვახტანგ გომელაური არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს და ამას გააგრძელებს. როგორ შეიძლება იმ ადამიანის ნათქვამის მიმართ გქონდეს ნდობა, რომელსაც 2022 წელს გაახსენდა რაღაც, რაც მისი თქმით, 2016 წელს მოხდა. ეს უფრო ჭორაობას ჰგავს. გვესმის, რომ ეს არის ნიადაგის შემზადება პოლიტიკური დღის წესრიგისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
“ფეისბუქის“ გვერდზე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა.
როგორც გოგაშვილი აცხადებს, სუს-ში მისი მუშაობის დროს საგარეო საქმეთა სამინისტროდან კონტრდაზვერვაში გადმოგზავნილ ელჩად დასანიშნთა სიაში 2 აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა, თუმცა გომელაურმა უთხრა, რომ “ორივეზე თანხმობა გაეშვა“.