გიორგი ვოლსკის თქმით, ოპოზიციის ერთი ნაწილის მთავარი მიზანია არ მოხდეს დეპოლარიზაცია და სწორედ ამაში მდგომარეობს ის, რომ მე-2 და მე-3 მოსმენით სახალხო დამცველის არჩევის წესს მხარი არ დაუჭირეს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„რა არის ამაში მიუღებელი და რატომ შეიძლება ამას ხმა არ მისცეს ოპოზიციამ, ამის ერთადერთი მიზეზია ის, რომ დეპოლარიზაციის თემის ნიშან-წყალი არ სუფევდეს გარშემო. განვითარება მიეცეს იმ სტრატეგიას, რასაც ჰქვია აქციების მოწყობა და ამის მეშვეობით ცვლილებების განხორციელებას.
ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, მისი წარსულის შეფასება არ შეიძლება ჩამოკიდებული იყოს გარკვეულ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, მათ შორის იმ კონიუნქტურაზე რომელსაც ევროპარლამენტი განაპირობებს თავისი უტიფარი რეზოლუციით, რომელიც საქართველოს მიმართ მიიღო. მაგრამ არსებობს ევროკომისია, ევროსაბჭო, რომელსაც პოლიტიკური მსოფლმხედველობა მოეთხოვება. აქედან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ ამ სიმართლეს დაინახავენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიღაცისთვის არ ვმუშაობთ?! ჩვენი ჩვენი საზოგადოებისთვის ვმუშაობთ და გვინდა, რომ საუკეთესო სახალხო დამცველი ავირჩიოთ იმ ქვეყნისთვის, სადაც ვცხოვრობთ. ამის არდანახვა ძალიან ძნელი იქნება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, რეგლამენტში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტში კონსულტაციები დაიწყო. ერთადერთი, ოპოზიციური პარტია, ვინც შეხვედრას არ ესწრებოდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იყო.