ყველა საკითხზე პრაქტიკულად შევთანხმდით და გარკვეულ დროში გადავაკეთებთ ტექსტს, რომელიც შეთავაზებული იყო,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„არ მგონია, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესზე რომელიმე საკითხი დარჩა ისეთი, რომელთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები შეიძლება გვქონდეს. ყველა საკითხზე პრაქტიკულად შევთანხმდით. გარკვეულ დროში გადავაკეთებთ ტექსტს, რომელიც შეთავაზებული იყო. თვისობრივი რაიმე ცვლილება და სიახლე ამ ტექსტში მოსალოდნელი არ იქნება, რადგან ამ ტექსტში არ ყოფილა და არ დაფიქსირებულა ისეთი იდეა, რომელიც ძირფესვიანად ცვლის ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 31 აგვისტოს შემოთავაზებულ ვერსიას. ოპოზიციის რომელი ნაწილი მიიღებს ან არ მიიღებს ამაში მონაწილეობას ამით პროცესი ვერ შეფერხდება. რეალურად არ მგონია, რომ ეს პერსპექტიული იყოს მათი მხრიდან, იმ ფონზე, როცა 12 რეკომენდაცია ავალდებულებს ოპოზიციასაც მათ პროცესებში კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს, უბრალოდ შანსი არ აქვს ოპოზიციას, რომ ამ ყველაფერს განუდგეს, რადგან ეს იქნება მათივე მამხილებელი“,- განაცხადა სარჯველაძემ.
სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, რეგლამენტში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტში კონსულტაციები დაიწყო. ერთადერთი, ოპოზიციური პარტია, ვინც შეხვედრას არ ესწრებოდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იყო.