ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის არჩევის წესზე: რაც უფრო კონსტრუქციულად გაგრძელდება ეს თანამშრომლობა, მით უფრო მეტი შანსია, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწიოთ

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის არჩევის წესზე: რაც უფრო კონსტრუქციულად გაგრძელდება ეს თანამშრომლობა, მით უფრო მეტი შანსია, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწიოთ

ლევან იოსელიანმა პარლამენტში სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა „ქრონიკაში“ შეაფასა. „მოქალაქეების“ წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ამ პროცესში პარტიების თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„კორექტული შეხვედრა იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა და სხვა პარტიებიც და შიგნით ძალიან კონსტრუქციულად მიმდინარეობდა შეხვედრა. საბოლოო ჯამში, წინასწარ რთულია იმის თქმა, შევთანხმდებით თუ არა სახალხო დამცველის კანდიდატზე, გააჩნია ვინ იქნება. შეიძლება ვისაც მე დავუჭერ მხარს, ის არც ერთი და არც მეორე დიდი პარტიისთვის არ იყოს მისაღები. ეს ცოტა რთული პროცესი იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი რამ ცხადია, რომ შეთანხმების გარეშე სახალხო დამცველის არჩევა შეუძლებელია. ამიტომ, რაც უფრო კონსტრუქციულად გაგრძელდება ეს თანამშრომლობა, მით უფრო მეტი შანსია, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, რეგლამენტში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტში კონსულტაციები დაიწყო. ერთადერთი, ოპოზიციური პარტია, ვინც შეხვედრას არ ესწრებოდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იყო.