„კითხვა მაქვს თქვენთან, დეპუტატებთან - რას ემსახურება ჯარიმა და სანქცია? რა შინაარსს დებს ამაში კანონმდებელი? ეს არის ინსტრუმენტი და მექანიზმი მომავალი დარღვევის პრევენციის მიზნით, ხომ ასეა? თავიდან ჩვენ გამოვიყენეთ მინიმალური, მაგრამ როდესაც ერთი წლის განმავლობაში არ გაჭრა მინიმალურმა სანქციამ, ვინ მომცა მე, როგორც აღმასრულებელს, უფლება, რომ ეს პრევენციის შინაარსი დავუკარგო სანქციას? შესაბამისად, მე უკვე ვალდებულება მაქვს, რომ ის მექანიზმი გამოვიყენო, რომელიც რეალურად მოახდენს შემდგომი დარღვევის პრევენციას. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილების მოტივაცია. თუ მაუწყებელი ხუთჯერ არ განახორციელებს დარღვევას, ის არც მინიმალურ ჯარიმას მიიღებს და არც მაქსიმალურს. თუ მაუწყებელი წლის განმავლობაში სამჯერ დაარღვევს ერთსა და იმავე საკითხს, დამეთანხმეთ, ეს არ არის ნორმალური“,- განაცხადა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას კახა ბექაურმა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ბექაურმა პარლამენტის წევრებს „მთავარი არხის“ დაჯარიმების შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, არხმა ერთი და იგივე ტიპის დარღვევა 5 -ჯერ ჩაიდინა, რის გამოც განმეორებით დარღვევებზე კომისიას არ ჰქონდა შესაძლებლობა კვლავ მინიმალური ჯარიმა გამოეყენებინა, რადგან არხი დარღვევის ჩადენას განაგრძობდა , შესაბამისად მისთვის მინიმალური ფინანსური სანქციის დაკისრებით დარღვევის კვლავ ჩადენის პრევენცია ვერ მოხერხდა.
„არ არის სწორი ინფორმაცია, რომ „მთავარი არხის“ მიმართ განსხვავებული მიდგომა იყო გამოყენებული. ფინანსური ჯარიმით დაკისრებამდე, ანალოგიურ დარღვევაზე პირველ ჯერზე „მთავარმა არხმა“ მიიღო გაფრთხილება. ერთი წლის განმავლობაში მეორე დარღვევა უკვე ითვალისწინებს ფინანსურ სანქციას, მეორე დარღვევის დროსაც ჩვენ მას დავაკისრეთ მინიმალური ჯარიმა, რომელიც შეადგენდა 2500 ლარს და არ გამოგვიყენებია მაქსიმალური ჯარიმა. შემდეგ იყო იგივე დარღვევა მესამედ, იმავე წლის განმავლობაში. ბოლო დარღვევა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის განხორციელებული ჯამში მეხუთედ“,- განაცხადა კახა ბექაურმა.