გამოვკვეთეთ ის თემები, სადაც შესაძლოა მმართველი გუნდის წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილ პოლიტიკურ პროდუქტსაც დავუჭიროთ მხარი - არის 2-3 ასეთი შესაძლებლობა,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია მზად არის მოისმინოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული პროექტები და საკითხები. უსუფაშვილის განცხადებით, ისინი კონსენსუსის ძიებისკენ იქნებიან მომართული, რადგან ევროპა საქართველოს პოლიტიკური ელიტისგან ელის კონსოლიდირებულ და შეთანხმებულ პოზიციებს.
„ჩვენ სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დავიწეთ ეს პროცესი 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე. მუდმივი სამუშაო შეხვედრები გვქონდა და დღეს შევაჯერეთ გაწეული სამუშაო 12-ვე მიმართულებით. განვიხილეთ 7- 8 კონკრეტული კანონპროექტი, რომელსაც კანონპროექტის სახე აქვს. განვიხილეთ 4 თუ 5 თემა, რომელიც უკვე კანონპროექტად მუშავდება და იმ კვირაში საჭიროა აქტიური შეხვედრები რამდენიმე მიმართულებით და ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ საჭიროა სრულიად საქართველოს ძალების კონსოლიდაცია ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით დასასრულებლად. საშემოდგომო სესიის დაწყებას ამ კონკრეტულ საკითხში ჩვენ ვხვდებით საკმაოდ სერიოზული თემებითა და იდეებით“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე შეფასებით, საინტერესო პროცესებია გენდერული კვლევის საბჭოში პარლამენტში, სადაც მუშავდება ამ მიმართულებით სერიოზული ცვლილებების იდეები.
„საბოლოო პროდუქტი თუ იქნება იმ საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი, ჩვენ, ცხადია, მხარს დავუჭერთ და ალტერნატივაზე არ ვიფიქრებთ. არის საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის გათვალისწინების თემა ჩვენი სასამართლოების საქმიანობაში - აქაც ვიცით, რომ ჩატარდა მუშაობა და შესაძლოა, ეს პროექტი იყოს მისაღები და ჩვენ მხოლოდ ცვლილებების გზით წავიდეთ, მაგრამ არის ძალიან პრინციპული საკითხები, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმა, რომელზეც ხელისუფლება პრაქტიკულად ამბობს, რომ ბევრი არაფერია გასაკეთებელი და ყველაფერი გაკეთებულია. ჩვენ გვაქვს ძალიან კომპლექსური და ყოვლისმომცველი კანონპროექტი, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში სერიოზული ცვლილებები. ასეთ თემებზე თუ ხელისუფლება არ აპირებს მსჯელობას - ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივები იქნება. ასევე იქნება სერიოზული ინიციატივა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით. არის თემები, რომლებზეც საწყისი პოზციები იქნება განსხვავებული.
ჩვენ „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ შესანიშნავი სტარტი იმისთვის, რომ წინ წავსულიყავით ერთად - ეს იყო ერთი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება ანუ ერთად ინიცირებული დოკუმენტის კვლავ ერთად მიღება და სამუშაო გეგმის ერთად შედგენა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ თავისი კურსი და გეგმა ჰქონდათ“,- განაცხადა უსუფაშვილმა.