Reuters: რუსეთმა აშშ-სგან ლავროვისა და მისი დელეგაციისთვის 56 ვიზა მოითხოვა, თუმცა ჯერჯერობით არცერთი არ მიუღია

Reuters: რუსეთმა აშშ-სგან ლავროვისა და მისი დელეგაციისთვის 56 ვიზა მოითხოვა, თუმცა ჯერჯერობით არცერთი არ მიუღია

რუსეთმა აშშ-სგან ლავროვისა და მისი დელეგაციისთვის ათობით ვიზა მოითხოვა, თუმცა არცერთი არ მიუღია. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერიშისადმი წერილში გაეროში რუსეთის ელჩი ვასილი ნებენზია წერს.

მისი განცხადებით, ამერიკული მხარე ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივად უარს ამბობდა ვიზების გაცემაზე რუსი დიპლომატებისთვის, რომლებსაც გაეროს ღონისძიებებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

რუსეთმა მოითხოვა 56 ვიზა იმისათვის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დელეგაცია ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე ჩასულიყო, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ვიზა არ მიუღია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში Reuters-ს განუცხადეს, რომ აშშ პასუხისმგებლობით ეკიდება ვალდებულებებს, რომლებიც ეკისრება მას როგორც ქვეყანას, რომელიც გაეროს გენასამბლეის სესიას მასპინძლობს, თუმცა ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, სავიზო ჩანაწერები კონფიდენციალურია, ამიტომ ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

აშშ-მა სერგეი ლავროვს სანქციები 26 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი დღის შემდეგ დაუწესა.