მე როგორც მივხვდი, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, ამ ოთხეულმა თავის თავი ამოწურა. ვფიქრობ, მათი ეს გზავნილები და წერილები დასრულდება, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი დეპუტატების განცხადებებზე პრემიერ-მინისტრის პოზიციას გამოეხმაურა.
იოსელიანი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, „ქართულმა ოცნებამ“ რიტორიკის შეცვლა გადაწყვიტა.
„თავიდანვე უარყოფითად ვაფასებდი მათ გამოსვლებს და კარგი იქნება, თუ ამას წერტილი დაესმება და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მეტი პატივისცემა იქნება გამოხატული. მთლიანობაში, ველოდები ზოგადად რიტორიკის შერბილებას და პრემიერის გუშინდელი განცხადება ამას ნიშნავდა“,-განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა მოისმინა და პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის.
„ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა ამერიკას, რომელიც არის N1 სახელმწიფო მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, წარმომადგენლები, ელჩი. ჩვენ, რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკის წარმომადგენელს, ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.