პრეზიდენტი არ არის ფაქსიმილეს აპარატი, რომ როგორც უნდა ისე დაარტყას კობახიძემ ან პრემიერ-მინისტრმა, ამიტომ საკონსტიტუციო დავა მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან, ელჩების დანიშვნის თაობაზე საკონსტიტუციო დავასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
თუმცა, მანჯგალაძე ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ იქნება.
მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გამიჯვნოდა ანტიდასავლურ რიტორიკას. მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის წევრთა განცხადებების რიტორიკა იმის მიხედვით იცვლება, თუ რა წარმატებას აღწევს უკრაინა ფრონტზე.
„რაც შეეხება კონსპირაციის თეორიას, თითქოს დასავლეთი ომს გვაძალებს, ეს რუსული ჰიბრიდული ომის გამოვლინებაა და ამას რომ ოთხეული და „ქართული ოცნების“ ძირითადი სპიკერები და ლიდერები აჟღერებენ, ეს არის ქვეყნის ღალატი. ღარიბაშვილს მივმართავ, თუ მაჭარაშვილის და სუბარის განცხადებების მიხედვით აწყობს სახელმწიფო პოლიტიკას, მაშინ რაში უხდის მილიონებს როტშილდების საკონსულტაციო კორპორაციას, რომელსაც გუშინ შეხვდა? რაც შეეხება მის გუშინდელ განცხადებას, ესენი პატარა კაცები არიან, ხომ იცით - კაცის კაცის კაცი რომ არის, აი, ასეთები არიან, როგორც კი უკრაინა აღწევს წარმატებას ფრონტზე, ისინი „ირხევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.