ირაკლი ჩიქოვანი: ევროპარლამენტში საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპარლამენტში საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს

ევროპარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და საქართველოს კანდიდატობის სტატუსს, - განაცხადა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტად მყოფმა უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

„რა თქმა უნდა მათ იმ რეკომენდაციების მნიშვნელობა კარგად ესმით, რომელიც გაცემულია ევროკომისიის მხრიდან და ბევრი იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ გადაწყვეტილებები, რომელსაც მიიღებს პარლამენტი, საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა დეპუტატმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ,საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრი, ირაკლი ჩიქოვანი ევროპარალამენტში კოლეგებს ხვდებიან. მთავარი თემა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პუნქტის დაკმაყოფილება და ევროინტეგრაციის გზაზე იმ რეფორმების გატარებაა, რომლებიც პროცესს დააჩქარებს. დეპუტატებს დღეს შეხვედრები ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიებში აქვთ. მზადება მიმდინარეობს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომისთვის, რომელსაც ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს.