Moderna Pfizer-სა და BioNTech-ს სასამართლოში უჩივის

Moderna Pfizer-სა და BioNTech-ს სასამართლოში უჩივის

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna სასამართლოში Pfizer-ისა და BioNTech-ის წინააღმდეგ სარჩელებს შეიტანს. Moderna-ში აცხადებენ, რომ Pfizer-მა და BioNTech-მა თავიანთ ერთობლივ ვაქცინაში დაპატენტებული ტექნოლოგიები შესაბამისი ლიცენზიის გარეშე გამოიყენეს.

მათი განცხადებით, ინოვაციურ ტექნოლოგიურ პლატფორმაში მილიარდობით დოლარია ჩადებული და ის ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო დაპატენტებული.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წლის ოქტომბერში Moderna-მ პირობა დადო, რომ COVID19-თან დაკავშირებულ საკუთარ პატენტებს პანდემიის განმავლობაში არ გამოიყენებდა, თუმცა 2022 წლის მარტში, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდა და ვაქცინების დეფიციტი აღმოიფხვრა, Moderna-მ საკუთარი პირობები განაახლა. კერძოდ, კომპანიამ თავისი პატენტების დაცვის მოთხოვნა მოხსნა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 92 ქვეყანაში, თუმცა დანარჩენ ბაზრებთან დაკავშირებით იმედოვნებდა, რომ Pfizer-ი და BioNTech-ი დაპატენტებული ტექნოლოგიების გამოსაყენებლად კომერციულ ლიცენზიას შეიძენდნენ.

ამასთანავე, Moderna არ ითხოვს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ბაზრიდან ამოღებას და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 92 ქვეყანაში მიწოდებული ვაქცინების გამო ზარალის ანაზღაურებას.