მთავარი, რაზეც ვერ შევთანხმდით არის ის, რომ „ქართული ოცნება” შემოიფარგლება მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტით, ანუ საპარლამენტო ზედამხედველობას კი არ ვაუმჯობესებთ, პარლამენტის რეგლამენტზე ვმსჯელობთ, - ამის შესახებ “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, “მთავრობას ან ეროვნულ ბანკს თუ ეხება საკითხი, სხვა კანონებშია პრობლემა და არა რეგლამენტში”.
“ყველაზე ნათელი მაგალითია ის, რომ პარლამენტის რეგლამენტში გათვალისწინებულია, როგორ ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეროვნულ ბანკზე ზედამხედველობას. მაგრამ ეს ქმედებები დაბლოკილია ორგანული კანონით. ის ბლოკავს ჩანაწერს, რომელიც რეგლამენტშია, ანუ რამდენადაც არ უნდა გავაუმჯობესოთ ეს ჩანაწერი რეგლამენტში, ის არ იმუშავებს. თუ გვინდა რომ ზედამხედველობა გავაუმჯობესოთ ეროვნულ ბანკზე, უნდა შევცვალოთ ორგანული კანონი და არა რეგლამენტი. ბევრი ასეთი საკითხია, მაგრამ არცერთს არ შევხებივართ”,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მეოთხე შეხვედრა მიმდინარეობს.