აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინის ქსელიდან გათიშვის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.
„აშკარაა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და ხელში ჩაგდება არის მისი სტრატეგიის ნაწილი ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის შესაქმნელად. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ნებისმიერ ქმედებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ან სხვაგან, რომელიც გავლენას მოახდენს მშვიდობიანი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მთელს რეგიონში“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა.
„არცერთმა ქვეყანამ არ უნდა გადააქციოს ატომური ელექტროსადგური აქტიურ საომარ ზონად. ძალიან გასაგებად რომ ვთქვათ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ელექტროენერგია, რომელსაც ის აწარმოებს, სამართლიანად ეკუთვნის უკრაინას“, - დასძინა მან.
უკრაინულმა ოპერატორმა Energoatom-მა განაცხადა, რომ საკომუნიკაციო ხაზების დაზიანების შემდეგ, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქსელიდან მთლიანად გაითიშა.