უტიფრობის, თავხედობის, ქვეყნის ღია ღალატის ქრონიკას ვადევნებთ თვალ-ყურს. ეს რეჟიმი ივანიშვილის პირადი ინტერესების, მისი ქონების და მისი ძალაუფლების გამო, ჩვენი ქვეყნის ბედით დასავლეთთან და შეერთებულ შტატებთან ვაჭრობს , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკუთარი ინტერესების გამო, ქვეყნის მომავალს წირავს.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სამარცხვინო ქვეყნის ღალატის ქრონიკა ძალიან დიდხანს არ გაგრძელდეს და ეს ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც გვყავს მთავრობა, რომელიც მტერს საქმეს უკეთებდა და მოყვარეს უპირისპირდებოდა, წარსულს ჩაბარდეს და როგორც ცუდი სიზმარი ისე გავაყოლოთ წყალს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ დასავლეთიდან დღეს უფრო მწვავე კრიტიკა გვესმის, არამედ ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ეს კრიტიკა ქვეყნის შიგნით არსებულ ძალიან მძიმე რეალობას გამოხატავს.
„სანამ ის მთავრობა გვყავს, რაც გვყავს, ამ სირცხვილს ვერ მოვიშორებთ, იმიტომ რომ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ის მთავრობა წარმოგვაჩენს, რაც გვყავს. ამიტომ ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება ეს შეცვალოს, ეს არის ამ მთავრობის ძალაუფლებიდან ჩამოშორება და ისეთი ხელისუფლების ყოლა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ყველაფერზე წინ დააყენებს, რომელიც თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირების ნაცვლად, ყველას აჩვენებს, რომ საქართველო არის თავისუფალი სამყაროს ბუნებრივი ნაწილი და იმსახურებს ნატოს წევრობას, დასავლეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ისე რომ დაცულები ვიყოთ და დიახ, იქნება ამ ბრძოლის ნაწილი პუტინის რუსეთის ბოროტების წინააღმდეგ. ეს ვერ მოხდება, სანამ ეს რეჟიმი გვყავს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მან ასევე, უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„უკრაინელი ხალხი დღეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არის თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის და გმირობის სიმბოლო და მათი ბრძოლის შედეგები ჩვენს მომავალზე და თავისუფალ სამყაროზე პირდაპირ აისახება. ამიტომ ისინი ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებენ“, - აღნიშნა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, ამერიკელი კონგრესმენი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თბილისში ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მრჩეველი და მოკავშირე და ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას ქმარი, ლევ დენგოვი დააფიქსირეს, რომელმაც ადრე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია.
„რუსეთის, როგორც რეგიონალური ძალის, დღეები იწურება. საქართველოს მტკიცედ ვურჩევ, სერიოზულად მოეკიდოს ამას და რუსეთთან ფლირტი შეწყვიტოს, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.