არჩევნები იყო სრულად ლეგიტიმური და სამართლიანი, აშშ-ის ელჩის შეფასება არის მისი პოლიტიკური პოზიციის გამჟღავნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასება ჰქონდათ.
„მიმაჩნია, რომ ეს არის კელი დეგნანის პოლიტიკური ხედვა და პოლიტიკური შეფასება. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით სულ სხვა შეფასება ჰქონდათ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშში იყო მოცემული გამოწვევები ან დარღვევები, მაგრამ მთლიანად ეს პროცესი შეფასებული იყო, როგორც სამართლიანი, რომელმაც მთლიანობაში ხელი არ შეუშალა ამომრჩევლის ნების გამოხატვას და ეს ნება ასახული იყო შესაბამისად. აქედან გამომდინარე, არჩევნები იყო სრულად ლეგიტიმური და სამართლიანი. ქალბატონი ელჩის შეფასება არის მისი პოლიტიკური პოზიციის გამჟღავნება, რაც ვფიქრობ, არ არის სასურველი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დღეს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო ენდობა ISFED-ს და მას პატივცემული და გამოცდილი სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა.