ზღვარი რომ წაიშალა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ის მანდატი და უფლებამოსილება მოირგეს, რაც პოლიტიკურ აქტორებს ეკუთვნით, პრობლემა ამან შექმნა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „სამართლიან არჩევნებზე“ საუბრისას.
„მომეჩვენა, რომ როდესაც სურვილი გამოითქვა, რომ ამ გზას დაადგა ორგანიზაცია და შესაბამისად, ამ პროცესის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას ამჯობინებდა. თუმცა, შემდგომი ქმედებები და ნაბიჯები ამაზე ნამდვილად არ მეტყველებს. ამ შემთხვევაში მარტივი და ლოგიკურია, ამ ორგანიზაციამ ცხადად უნდა დაანახოს საზოგადოებას, რომ ის ეკუთვნის სამოქალაქო სექტორს და არა პოლიტიკურ სექტორს. ზღვარი რომ წაიშალა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ის მანდატი და უფლებამოსილება მოირგეს, რაც პოლიტიკურ აქტორებს ეკუთვნით, ამან შექმნა პრობლემა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მმართველი პარტია „სამართლიანი არჩევნებისგან“ პასუხს კითხვაზე - ემიჯნება თუ არა მოთხოვნებს, რომელიც მათი მონაწილეობით ქუჩიდან გაისმა, ამ დრომდე ელოდება. მათი განმარტებით, „სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკურ მოთხოვნებს თუ გაემიჯნება, ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფში დაიშვება.