გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო.
,,დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა. ზაზა დამენია არის ვაჟკაცობის, გმირობისა და თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი. ჩვენ მუდამ გვემახსოვრება გმირები, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობისათვის ბრძოლას შესწირეს თავი“- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.
კაპრალი ზაზა დამენია ვაზიანის მეთერთმეტე მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში მსახურობდა. იგი 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა. ზაზა დამენიას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.