ბექა დავითულიანი ევროკავშირის ანგარიშზე: ევროკავშირის ზოგადი შეფასებაა, რომ საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში, რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანა იყო - ჩვენ მზად ვართ, რომ 12 პუნქტი აღვასრულოთ

ბექა დავითულიანი ევროკავშირის ანგარიშზე: ევროკავშირის ზოგადი შეფასებაა, რომ საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში, რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანა იყო - ჩვენ მზად ვართ, რომ 12 პუნქტი აღვასრულოთ

„ევროკავშირის ზოგადი შეფასებაა, რომ საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში, რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანა იყო და ჯერჯერობით, რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიტიკული მოსაზრებები მთელი რიგი მიმართულებებით“, - ასე აფასებს ბექა დავითულიანი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტაბილური დემოკრატიის პირობებში, რთულია იმ კონტექსტის აღქმა, რომელიც საქართველოში - განვითარებად დემოკრატიაში არსებობს.

„მათთვის ბუნებრივია, რომ საკითხების მთელი რიგი ასე უნდა იყოს და ამ ქვეყანაში, აღმოჩნდება ხოლმე, რომ კონტექსტი ისეთია, რომ როგორც მათთან ხდება, იგივენაირად ბუნებრივად ეს ვერ ხდება. უბრალოდ, რთულია, კონტექსტი აღიქვა, როდესაც სტაბილური დემოკრატიიდან ჩვენნაირ განვითარებად დემოკრატიაზე საუბრობ. ხანდახან, კონტექსტის აღქმა არაა ისეთი, როგორიც ჩვენს რეალობაშია, თუმცა, მათი თვალსაზრისით, 12 პუნქტი არის ის გზამკვლევი, რომელიც მათთვის და ჩვენთვის სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს 12 პუნქტი აღვასრულოთ და ყველა ის კრიტიკული მოსაზრება, რომელიც, მათ შორის, ამ დასკვნაში იყო დაწერილი, იმ 12 პუნქტში ასახულია“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალაა. „მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს“, - ნათქვამია ანგარიშში, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და, კანონის უზენაესობის კუთხით, უკუსვლა შეინიშნებოდა.

Aburjga Tasmanieli რას აბდლობთ ჩემო ბიძიებო?!
1 წლის უკან