პაატა მანჯგალაძე: თუ იუსტიციის საბჭოს გავათავისუფლებთ კლანის გავლენისგან, მაშინ შესაძლებელი იქნება, რომ თავისუფალი ჟანგბადი შევიდეს სასამართლო სისტემაში

პაატა მანჯგალაძე: თუ იუსტიციის საბჭოს გავათავისუფლებთ კლანის გავლენისგან, მაშინ შესაძლებელი იქნება, რომ თავისუფალი ჟანგბადი შევიდეს სასამართლო სისტემაში

სასამართლო სისტემის რეფორმაზე პარლამენტი მომავალი კვირიდან აქტიურ მუშაობას იწყებს. ეს ევროპული რეკომენდაციების შემადგენელი ნაწილია. სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომაზე მხარეებმა სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, გამოიკვეთა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული კონკრეტული პრობლემები და ხარვეზები.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ზედმეტად კონცენტრირებული ძალაუფლება იუსტიციის საბჭოში.

„ჩვენ მთავარ პრობლემას ვხედავთ კლანის არსებობაში. კლანი არსებობს, ეს არის რეალობა. ამიტომ მთელი ძალაუფლება თავმოყრილია იუსტიციის საბჭოში. თუ იუსტიციის საბჭოს გავათავისუფლებთ კლანის გავლენისგან, ანუ ძალაუფლების კონცენტრაცია არ იქნება, მაშინ შესაძლებელი იქნება, რომ თავისუფალი ჟანგბადი შევიდეს სასამართლო სისტემაში და იმ მოსამართლეებს, ვინც არის კეთილსინდისიერი და ვისაც მართლა უნდა თავისუფალი სასამართლო, ჰქონდეთ თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების უფლება. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი პრობლემა არის ზედმეტად კონცენტრირებული ძალაუფლება იუსტიციის საბჭოში, რომელიც განასახიერებს კლანს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.