მიხეილ სარჯველაძე: მედიასაშუალებებმა, სადაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური რეკლამის გავრცელებას, სჯობს მის შინაარსზე ისაუბრონ და არა იმაზე, თითქოს რომელიმე მედიასაშუალების დასჯა ჩვენი გუნდის თვითმიზანია

მიხეილ სარჯველაძე: მედიასაშუალებებმა, სადაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური რეკლამის გავრცელებას, სჯობს მის შინაარსზე ისაუბრონ და არა იმაზე, თითქოს რომელიმე მედიასაშუალების დასჯა ჩვენი გუნდის თვითმიზანია

მედიასაშუალებებმა, სადაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური რეკლამის გავრცელებას, სჯობს მის შინაარსზე ისაუბრონ და არა იმაზე, თითქოს რომელიმე მედიასაშუალების დასჯა ჩვენი გუნდის თვითმიზანია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„თუ თქვენ გადახედავთ წინასაარჩევნო პერიოდში რა ტიპის რეკლამები ვრცელდება, მე მგონი დიდად ეს კონტენტი არ განსხვავდება პოლიტიკური რეკლამისგან და იმ რეკლამისგან, რომელიც ახლა გავრცელდა. არასაარჩევნო პერიოდში ამის გავრცელება... იცით, რომ ყველას შეთანხმებაა, კანონშია ასახული, რომ ასეთი რამ არ შეიძლება. მგონი ყველა კარგად ხვდება რაშია საქმე და ახლაც, იგივე მედიასაშუალებები, რომლებზეც ნავარაუდებია, რომ ადგილი ჰქონდა ამ სამართალდარღვევას, უფრო მეტად ამ საკითხის შინაარსზე ისაუბრონ ჯობია ვიდრე იმაზე, რომ თითქოს დასჯა რომელიმე მედიასაშუალებისა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის თვითმიზანი“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

„შინ ევროპისკენ“ - იყო თუ არა ვიდეორგოლი პოლიტიკური შინაარსის და დაირღვა თუ არა კანონი ამ კლიპის ეთერში გაშვებით - მმართველმა პარტიამ კომუნიკაციების კომისიას სამი ტელევიზიის - „მთავარ არხის“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულის“ წინააღმდეგ კონკრეტული სარჩელით მიმართა, რათა შეისწავლონ ვიდეორგოლის შინაარსი და მისი ეთერში განთავსების კანონთან შესაბამისობა. საუბარია ვიდეორგოლზე, რომელიც 23 და 24 ივნისს ცალკეული ტელევიზიების ეთერით გადაიცა.