სენატორი მარშა ბლექბერნი ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობაა, რომლის მიზანი პრეზიდენტ ტრამპის დამხობაა

სენატორი მარშა ბლექბერნი ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობაა, რომლის მიზანი პრეზიდენტ ტრამპის დამხობაა

„რესპუბლიკელი“ სენატორი მარშა ბლექბერნი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

„ბილ და ჰილარი კლინტონებმა თეთრი სახლიდან 28.000 დოლარის ღირებულების ავეჯი წაიღეს. ობამამ საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონი დაარღვია. რატომ არ მოაწყო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მათ სახლებში რეიდი? ეს კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობაა, რომლის მიზანი პრეზიდენტ ტრამპის დამხობაა“, - აღნიშნა სენატორმა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.