BBC: CBS-მა ვებგვერდიდან წაშალა ფილმი, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების 30-40% აღწევს საბოლოო მიმღებებამდე

BBC: CBS-მა ვებგვერდიდან წაშალა ფილმი, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების 30-40% აღწევს საბოლოო მიმღებებამდე

ამერიკულმა ტელეკომპანია CBS-მა საკუთარი ვებგვერდიდან წაშალა ფილმი „უკრაინის შეიარაღება“, რომელიც მედიასაშუალებამ დასავლეთის მიერ უკრიანისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მოამზადა.

როგორც BBC-ს რუსული რედაქცია წერს, დოკუმენტურმა ფილმმა უკრაინის ხელისუფლებისა და არაერთი დასავლელი ექსპერტის კრიტიკა გამოიწვია.

ტელეკომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფილმი მოძველებულ მონაცემებს ასახავდა და მასალა თავიდან დამუშავდება. იქამდე, ნამუშევარი Cbsnews.com-ზე აღარ იძებნება.

ფილმში ციტირებდნენ უკრაინის დასახმარებლად მომუშავე ერთ-ერთი კერძო ფონდის ხელმძღვანელის სიტყვებს. მისი თქმით, უკრაინის საზღვარზე შეტანილი მარაგების მხოლოდ 30-40% აღწევს საბოლოო მიმღებებამდე

„ინტერვიუს ჩაწერის დროს, აპრილში, რესპონდენტმა ისაუბრა თავისი ფონდის გამოცდილებაზე, მაგრამ ფილმის კონტექსტიდან იქმნება განცდა, რომ საუბარი ნატოს ქვეყნების შეიარაღებაზეა“, - წერს BBC.

სხვა სპიკერებთან ერთად, ფილმში Amnesty International-ის ექსპერტიც ჩნდება - ის მუშაობდა ანგარიშზე, რომელმაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ომის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სახიფათო მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა.

აღნიშნულმა მოხსენებამ კიევისა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. მათი შეფასებით, ანგარიშში ომის კანონების არასწორი ინტერპრეტაციაა.