ჩინეთი ტაივანთან ახლოს დაწყებული წვრთნების შეწყვეტას არ გეგმავს

ჩინეთი ტაივანთან ახლოს დაწყებული წვრთნების შეწყვეტას არ გეგმავს

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ თეატრის სარდლობაში აცხადებენ, რომ ტაივანთან ახლოს მიმდინარე წვრთნები გაგრძელდება, - ამის შესახებ Anadolu წერს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩინელმა სამხედროებმა, ტაივანთან ახლოს, ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, რომელთა ნაწილი წყალში ჩავარდა. ოფიციალური ტოკიოს ცნობით, ეს ტერიტორია მისი ექსკლუზიური ეკონომიკური ზონაა.

უფროსი პოლკოვნიკი და ჩინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ დღეს მიმდინარე „პროცესების პროვოცირება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა“. ვუ ციანის თქმით, „ჩინეთის კონტრზომები გამართლებული და მართებულია“.

ჩინეთსა და ტაივანს შორის, ამ დრომდეც დაძაბული ურთიერთობა ბოლო დროს კიდევ უფრო დაიძაბა. როგორც BBC წერს, ოფიციალური პეკინის გაღიზიანება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს მოჰყვა.

1-ელ აგვისტოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა იქნებოდა. პეკინის პოზიციის მიუხედავად, პელოსი ტაივანში ჩავიდა, რის გამოც ჩინეთის ხელისუფლებამ პელოსისა და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.

ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

გასული წლის 16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.