ტერიტორიული მთლიანობის იძულებითი დათმობა გაწევრიანების სანაცვლოდ

ტერიტორიული მთლიანობის იძულებითი დათმობა გაწევრიანების სანაცვლოდ

2013 წლის 19 აპრილს, იმ დღეს, როდესაც ნაცხროვამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ განახორციელა თვითგარდასახვის მაგიური პროცესი და გარდაიქმნა ახალ ეროვნულ მოძრაობად, ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბბინაში ისტორიული მნიშვნელობის ფაქტი მოხდა. კერძოდ, ევროკავშირის ოფიციალურმა საინფორმაციო სამსახურმა “Public service Europe”-მ გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ “სერბეთმა და კოსოვომ მიაღწიეს მათ შორის ურთიერთობის დამარეგულირებელ შეთანხმებას, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა ქეთრინ ეშთონმა უმასპინძლა მათი შეხვედრის ბოლო, სამკვდრო-სასიცოცხლო რაუნდს”.

მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემები ახლო წარსულში არსებითად და მტკივნეულად აისახა საქართველოს დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობაზე, ნაცხროვას არც მაშინ და არც ამჟამად არავითარი რეაქცია არ ჰქონია ბალკანეთში მიმდინარე ურთულეს პროცესებზე, თუმცა ამას უკვე აღარავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინაიდან მათ და მათმა ვაიწინამძღოლმა თავის დროზე ყოვლად უსაფუძვლოდ მოახდინეს კოსოვოს პრეცედენტის იგნორირება, აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით.

უფრო მეტად უცნაურია ის ფაქტი, რომ არც დღევანდელი ხელისუფლება და მისი კომპეტენტური უწყებები და პირები არ გამოხმაურებიან 19 აპრილს მომხდარ ფაქტს, თუ არ ჩავთვლით უცხოურ საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლის შეკითხვას ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ მინისტრისადმი და მის მოკლე პასუხს. ამ თემას ობიექტურად შეეხო მხოლოდ საინფორმაციო პორტალი FOR.GE და რამდენიმე წამყვანი არასამთავრობო ექსპერტი.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ოპტიმიზმით შეჰყურებს ევროკავშირს, რაც, როგორც ,,რადიო თავისუფლება“ იტყობინებოდა (25.04.2013), დადასტურდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩატარებული გამოკითხვით.

გამოკითხვით დადგინდა, რომ მოსახლეობის 71% ევროკავშირს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად თვლის. გამოკითხულთა 92%-ს სურს, რომ ევროკავშირმა აქტიური როლი ითამაშოს ქვეყნის განვითარებაში. ასეთ სურვილს ეკონომიკას უკავშირებს 87%, 87% ვაჭრობას და ადამიანის უფლებებს, 85% დემოკრატიულ განვითარებას, 83% ქვეყნის რეგიონალურ თანამშრომლობას. თუკი ეს გამოკითხვა ნამდვილად ჩატარდა და არა გრანტიყლაპიათა ფანტაზიის ნაყოფია, ასეთი ზღვარგადასული, მაღალი მოლოდინები შიდა რესურსების მიმართებაში, კვლავ მხოლოდ გარე დახმარების იმედის პრევალირებაზე მიუთითებს. ამასთან, სიმპტომატურია, რომ გამოკითხვისას არ დასმულა შეკითხვა იმედებთან და მოლოდინებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთანაა დაკავშირებული.

აქვთ თუ არა ზემოაღნიშნულ იმედებს ობიექტური საფუძველი და რამდენად შეესაბამება ეს მოლოდინები ჩვენი ქვეყნისადმი ევროკავშირის ობიექტურ დამოკიდებულებას, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რადგან საქართველოს საგარეო უწყება ადრეც და ახლაც სამომავლოდ ოპერირებს ევროკავშირთან ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულების დადებით, რის შედეგადაც გაურკვეველია, თუ რის ყიდვას ვთავაზობთ ევროპელებს, ისევე როგორც გაურკვეველი რჩება, თუ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის რომელ გამარტივებაზეა საუბარი, როდესაც თვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუმინეთსა და ბულგარეთს ძალზე გართულებული აქვთ სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას საკამოდ შორეული პერსპექტივა აქვს, თუკი გავითვალისწინებთ სერბეთის მაგალითს, რომელიც ამ საკითხზე წელს მოლაპარაკებათა დაწყების შემთხვევაშიც კი, როგორც ვარაუდობენ, 2020 წელს გაწევრიანდება ამ ზესახელმწიფოებრივ ორგანიზაციაში.

კოსოვოსა და სერბეთისადმი ევროკავშირის დამოკიდებულების ანალიზი მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს, ვინაიდან ის არსებითი ხასიათის მიდგომები, რომლითაც ხასიათდება ევროკავშირის მათდამი დამოკიდებულება, სავარაუდოა, პერსპექტივაში ანალოგიის მეთოდით გავრცელდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი მის მიდგომაზე. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დანარჩენ პირობათა დეტალური ანალიზი, რომელსაც ევროკავშირი უყენებს სერბეთს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

სერბეთისადმი ევროკავშირის დამოკიდებულების ყველა ასპექტი დაფიქსირებულია ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2013 წ. 22 აპრილის ერთობლივ მოხსენებაში (JOIN 2013) 7 final, რომლის თავად სათაურიც კი მრავლისმეტყველია - “ევროპის პარლამენტის და საბჭოს ერთობლივი ანგარიში სერბეთის მიერ წევრობის კრიტერიუმების შესრულებისა და დაცვის სავალდებულო დონის მიღწევის საქმეში პროგრესის და განსაკუთრებით, უმთავრეს პრიორიტეტულ საკითხში - კოსოვოსთან ურთიერთობების თვალნათელი და მყარი გაუმჯობესების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის შესახებ”.

მოხსენებაში ხაზგასმულია, ,,რომ სერბეთი გაგებით მოეკიდა კოსოვოსთან ურთიერთობების თვალნათელ და მდგრადი გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. სერბეთი აქტიურად და კონსტრუქციულადაა ჩართული ევროკავშირის მიერ ხელშეწყობილ დიალოგში პრიშტინასთან. გრძელდება დიალოგის პროცესში მიღწეული შეთანხმებების იმპლემენტაცია, მათ შორის საზღვრების ინტეგრირებული მართვის საკითხში, რეგიონალურ ფორუმებში კოსოვოს წარმომადგენლობის მონაწილეობის თაობაზე, რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის ადგილების დაცვის, უნივერსიტეტის დიპლომების აღიარების, სამოქალაქო რეესტრის და საბაჟო ბეჭდების საკითხებზე. ორივე მხარე ასევე შეთანხმდა დაიწყონ საბაჟო მოსაკრებლების აკრეფა და ჩრდილო კოსოვოსათვის განვითარების ფონდის შექმნა...”

მოხსენებაში საბოლოოდ გაკეთებულია დასკვნა, რომ უნდა დაიწყოს ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები.

დოკუმენტში ცალკე თავადაა გამოყოფილი სერბეთ-კოსოვოს ურთიერთობების მრავალწახნაგოვანი სამომავლო განვითარების საკითხი. ცალკე თავი აქვს მიძღვნილი წევრობის კრიტერიუმთან ამჟამინდელი პროგრესის შესაბამისობას, პირველ რიგში ყურადღებაა გამახვილებული ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგის კოორდინაციაზე. ეს რეფორმები შეეხება სამართლის უზენაესობას, სასამართლო რეფორმას, ბრძოლას კორუფციასთან. ამ ბოლო საკითხთან დაკავშირებით ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ კორუფციასთან ბრძოლა იყო მთავრობის საქმიანობის დაწყებიდან ცენტრალური ელემენტი, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა “ნულოვანი ტოლერანტობის მესიჯს”.

მოხსენება ასევე ეხება ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, მედიის თავისუფლებას, განსაკუთრებით არის ხაზგასმული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის საკითხი LGBT-თან მიმართებაში, უმცირესობათა დაცვის საკითხი, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ასევე სერბეთის ურთიერთობათა საკითხი მის სამეზობლო ქვეყნებთან.

ნიშანდობლივია ის შეფასებები, რომელიც ევროკავშირის წამყვანმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს 19 აპრილის შეთანხმების პარაფირებასთან დაკავშირებით. თავად ეშტონმა განაცხადა, რომ: “ის რისი მოწმენიც ვართ, არის ნაბიჯი, რომელიც გვაშორებს წარსულისაგან და ორივე მათგანისათვის ევროპასთან დამაახლოებელი ნაბიჯია”. ევროკავშირის გაფართოების კომისარმა შტეფან ფულემ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა: “ეს არის ისტორიული დღე სერბეთ-კოსოვოს ურთიერთობებისათვის, მთლიანად დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისათვის და ევროკავშირისათვის...”, “ორივე მხარის ხელმძღვანელობამ უნდა იპოვოს კომპრომისები, რომლებიც მათი შეფასებით არასოდეს იქნება იდეალური მხარეთათვის. კონსესუალური მიდგომა ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის მისწრაფებას მათი ევროკავშირში გაწევრიანებისადმი. ეს იმის მაგალითია, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი. ჩვენ არ ვართ დასუსტებული, ვინაიდან ვცდილობთ მივაღწიოთ კონსესუსს, უფრო მეტიც, ჩვენ უფრო მეტად ძლიერები ვართ”.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ბაროზომ განაცხადა, რომ “ეს იყო ისტორიული შეთანხმება” და ქება შეასხა ორივე მხარის “ვალდებულებებს, პასუხისმგებლობას, სიმამაცეს და პრინციპულობას...“, „სერბეთის და კოსოვოს ხალხს სურს წინსვლა და მათი ევროპული პერსპექტივის რეალობად ქცევა. ეს არის მნიშვნელოვანად გადამწყვეტი სტაბილურობისათვის, უსაფრთხოებისათვის და კეთილდღეობისათვის, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის ასევე მთლიანად ევროკავშირისათვის” - განაცხადა ბაროზომ.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა: “ქედს ვიხრი ორივე პრემიერ მინისტრის წინაშე მათი პერსონალური და მამაცური შენატანისათვის ამ პროცესში. ეს შეთანხმება წარმოადგენს მთავარ მიღწევას, რამდენადაც მხარეებმა ივალდებულეს, რათა ერთობლივად იმუშაონ ევროპის მომავლისათვის. ევროკავშირს სურს, რათა სერბეთმა და კოსოვომ მიაღწიონ ამ მიზანს”.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება შეთანხმებას და რომ ნატო “განაგრძობს კოსოვოს დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას”.

განსახილველ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ევროპარლამენტის მწვანეთა/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფის წევრის, კოსოვოს საკითხებზე ასამბლეის მომხსენებლის და ზემოხსენებული ანგარიშის ავტორის, ულრიკე ლუნაჩეკის სტატია, რომელიც 2013წ. 25 აპრილს გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში “Public Servise Europe”-ში. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბელგრადსა და პრიშტინას შორის შეთანხმება სამართლიანად შეიძლება იწოდოს ისტორიულ განვითარებად. იგი ნიადაგს ქმნის ევროკავშირის შემდგომი ინტეგრაციისათვის ორივეთგან, როგორც სერბეთში, ისე კოსოვოში. ეს შეთანხმება ასევე დემონსტრირებს ევროკავშირის “რბილ ძალას”. შემდგომ, ლუნაჩეკი განმარტავს მიღწეული შეთანხმების უმნიშვნელოვანეს დეტალებს, კერძოდ კი აღნიშნავს, რომ მხარეებმა მოახდინეს რა საზღვრის მართვის ინტეგრირებული შეთანხმების იმპლემენტირება, ამგვარად მისაღებად ჩათვალეს სერბეთ-კოსოვოს საზღვრის გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია აღიარების გზაზე. მხარეებმა ასევე მისაღებად ჩათვალეს, რომ თანხები ბელგრადიდან ჩრდილოეთ კოსოვოს ჯანდაცვის და განათლების სტრუქტურისათვის იქ გადაიგზავნება პრიშტინას გავლით.

ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საკითხი ევროკავშირის შუამდგომლობით შემდგარ დიალოგში იყო გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კოსოვოში პოლიციის და იუსტიციის ორგანოების პარალელური სტრუქტურების მოშლის თაობაზე - წერს ლუჩანსკი.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ავტორის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის მიერ მომზადებულ ანგარიშში დამტკიცდა მოწოდება ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოსადმი- ესპანეთის, კვიპროსის, რუმინეთის, საბერძნეთის, სლოვაკეთისადმი, რათა მათ სცნონ კოსოვოს დამოუკიდებლობა, რაზეც ისინი უკანასკნელ პერიოდამდე უარს აცხადებდნენ.

საგულისხმოა ლუნაჩეკის პოზიცია კოსოვოსთან მიმართებაში. იგი წერს - “როგორც კოსოვოს საკითხებზე პარლამენტის მომხსენებელი, მე ჩემს როლს ასევე ვხედავ ამ ყველაზე ახალგაზრდა ევროპული ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დაცვაში”. “სულ უფრო მეტი და მეტი კოსოვარი ეჭვობს, არის თუ არა ევროკავშირი სერიოზული მისი შეპირებისადმი კოსოვოს ევროპული პერსპექტივის მიმართებაში და არის თუ არა რეალურად მათი მომავალი ევროკავშირში, თუ უპირატესად დიდ ალბანეთში, ან უფრო მჭიდრო კავშირში ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა თურქეთი”.

ნიშანდობლივია რომ, არც ერთ ზემოხსენებულ ავტორიტეტულ პირს არ უხსენებია ის ფაქტი, რომ მხარეები, ე.ი. სერბეთი და კოსოვო შეთანხმდნენ, რომ ხელს არ შეუშლიან ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებაში.

სერბეთ-კოსოვოს პრობლემისადმი ევროკავშირის მიდგომის მოკლე მიმოხილვა არასრული იქნება თავად სერბეთის მოტივების გათვალისწინების გარეშე. 2013 წლის 28 მარტს იაპონურმა საინფორმაციო სააგენტო “Modern Tokyo Times”-მა გამოაქვეყნა წამყვანი სერბი მეცნიერისა და ანალიტიკოსის ვოჟინ ჯოკსიმოვიჩის სტატია, რომელშიც გაანალიზებულია სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების ძირითადი მიზეზები. მათ შორის, პირველ რიგში დასახელებულია ეკონომიკური ფაქტორი. სტატიაში დაფიქსირებულია, რომ სერბეთი მზადაა უარი თქვას მის ტერიტორიულ მთლიანობაზე იმ მიზნით, რათა ევროკავშირმა განუსაზღვროს მასში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღი.

კითხვაზე, თუ რამ განაპირობა ქვეყნისათვის ამ არსებითი მნიშვნელობის საკითხის ამგვარად გადაწყვეტა, მოყვანილია სერბეთის პრემიერ მინისტრის ამჟამინდელი პირველი მოადგილის ვუჩიჩის სიტყვები, რომ ევროკავშირის გარეშე სერბეთის ეკონომიკურ გადარჩენას საფრთხე დაემუქრება. როგორც ევროკავშირის კანდიდატი, სერბეთი ამ ორგანიზაციიდან ყოველწლიურად იღებს 170 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს. ვუჩიჩი ასევე უთითებს, რომ გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების თარიღის განსაზღვრა შესაძლებელს გახდის უმნიშვნელოვანესი მანქანა დანადგარების იმპორტს და ტექნოლოგიების გადაცემას სერბეთის საწარმოებისათვის, ისევე როგოც უფრო მეტ ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებას. იქვე მითითებულია, რომ უმუშევრობის დონე სერბეთში 2012 წელს 26.2% შეადგენდა, ბიუჯეტის დეფიციტი და ერთ სულ მოსახლეზე რეგიონებში ყველაზე დაბალი შემოსავალი ამ გრანტებს ძალზე სასურველს ხდის. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სერბეთის საგარეო ვალი 8,4 მილიარდიდან 17,7 მილიარდამდე გაიზარდა. ავტორი იქვე უთითებს, რომ რუსეთის მხრიდან უკვე გაწეული დახმარება, 300 მილიონი ევროს დაბალი პროცენტიანი კრედიტის სახით და კიდევ 500 მლნ. კრედიტის შეპირება, არასაკმარისადაა მიჩნეული ქვეყანაში მდგომარეობის გამოსასწორებლად.

საინფორმაციო სააგენტო ტანიუგისათვის 9 მაისს მიცემულ ინტერვიუში, ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ სერბეთის დამოკიდებულების შეცვლა ევროპისა და დასავლეთის მიმართ, ისევე როგორც რუსეთის მიმართ, ,,რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ და რომელიც გვიყვარს, მაგრამ არ ვაიდეალებთ“, წარმოადგენს უფრო წარმატებული, უფრო თანამედროვე და უფრო მძლავრი სერბეთის ფორმირების დასაწყისს, რომელიც მალე რეგიონში ლიდერი იქნება.

2013 წ. 7 მაისს სერბეთის პრემიერ მინისტრმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ “ევროპა ბალკანეთის ერთადერთი პერსპექტივაა”. მანვე განაცხადა, რომ “ევროკავშირში საზღვრების ხელახალი დადგენა, ხარის წინ წითელი ნაჭრის აფრიალების ტოლფასია, რამდენადაც მრავალ ქვეყანას ეშინია, რომ ეს მაგალითი კოპირებული იქნება. მე მესმის ამ საკითხის მგრძნობელობა და არ მოვითხოვ ამ საკითხზე დისკუსიას’’.

სერბეთ-კოსოვოს შეთანხმებით დაინტერესდნენ ისეთ სახელმწიფოთა საგარეო უწყებები, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და თითქმის ყველა სხვა ევროპული ქვეყნები და რაც შესაბამისად აისახა მათ ოფიციალურ ვებგვერდებზე. გამონაკლისს მხოლოდ საქართველო წარმოადგენდა. ეს მით უფრო უცნაურია, ვინაიდან საგარეო უწყების პირველი პირი 23, 24 აპრილს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში.

19 აპრილის შეთანხმებას არაერთგვაროვნად გამოეხმაურნენ ევროკავშირის იმ ხუთ სახელმწიფოში, რომლებიც უკანასკნელ პერიოდამდე არ აღიარებდნენ კოსოვოს.

რუმინეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ პონტამ განაცხადა, რომ რუმინეთმა წინ უნდა წაიწიოს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად სახელმწიფოთა აღიარებაში. ამასთან საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის მარტში, ევროპარლამენტში რუმინეთის 17-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც არ სცნეს კოსოვო, ეცნოთ იგი.

19 აპრილის შემდეგ, სლოვაკეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ივეტა რადიჩკოვამ განაცხადა, რომ იგი ვეღარ ხედავს რაიმე მიზეზს, რის გამოც სლოვაკეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

2013 წ. 25 აპრილს, ესპანეთის პრემიერ მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ “მის ქვეყანას არ აქვს განზრახული სცნოს კოსოვოს დამოუკიდებლობა. ეს პოზიცია დამოუკიდებელია ურთიერთობის დამარეგულირებელი იმ შეთანხმებისგან, რომელიც მიღწეულ იქნა ბელგრადსა და პრიშტინას შორის”.

“ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვიკავებთ ამ პოზიციას და ამჟამადაც ეს არის მთავრობის პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვცნობთ კოსოვოს, რამდენადაც ესპანეთს არ სწამს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებული დეკლარაციების” - განაცხადა რახოიმ.

2013 წლის 25 მარტს საბერძნეთის ელჩმა სერბეთში სტოიდისმა, შეკითხვაზე, რჩება თუ არა საბერძნეთი მყარად მის პოზიციაზე, რომ იგი არ აღიარებს კოსოვოს ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკლარაციას, მას შემდეგ რაც რუმინეთმა განაცხადა, რომ იგი გადახედავს მის პოზიციას, სტოიდისმა განაცხადა, რომ საბერძნეთის პოზიცია უცვლელი რჩება.

შარშან, 2012 წელს, კვიპროსის იმჟამინდელმა მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, კორნელიუს კორნელიუმ განაცხადა, რომ ევროკავშირის პრეზიდენტობის პერიოდში “კვიპროსი არ სცნობს კოსოვოს და ეს ასე დარჩება”. ამჟამად კი, 2013 წლის 23 აპრილს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და გენერალურ საქმეთა მდივნების შეკრებაზე, კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასოულიდისმა განაცხადა, რომ “მიესალმება ორ მხარეს შორის შეთანხმებას, მიღწეულ წარმატებას და ხაზს უსვამს ამ საქმეში ევროკავშირის გადაწყვეტილებას და იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი ხელს შეუწყობს ევროკავშირში და მის სამეზობლოში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას”.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისივე ტერიტორიული მთლიანობისადმი უმკაცრესი სამხედრო, ეკონომიკური, იდეოლოგიური და პროპაგანდისტული ზეწოლის შედეგად სერბეთის პოზიციის შეცვლა, გადამწყვეტი იქნება ევროკავშირის და დომინოს პრინციპით სხვა სახელმწიფოთათვის, რომლებსაც დღემდე არ უღიარებიათ კოსოვოს დამოუკიდებლობა.

განსახილველ ასპექტში, საინტერესოა, თუ რატომ არ დაინტერესდა საქართველოს საგარეო უწყება და მისი შემადგენელი ნაწილები - საელჩოები ბრიუსელში, ესპანეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, კვიპროსში, საბერძნეთში ზემოხსენებული საკითხით და არ განათავსეს სათანადო ინფორმაცია მათ ვებ გვერდზე.

19 აპრილის შეთანხმებას მყისიერად გამოეხმაურნენ მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები და გაზეთები. 2013 წ. 19 აპრილს, როიტერის (Reuters) ინფორმაციაში, სათაურით “ევროკავშირი შუამავლობს ისტორიულ შეთანხმებას კოსოვოს საკითხზე და კარს უხსნის სერბეთს გაწევრიანებისათვის” - დაფიქსირებულია, რომ “... სერბეთი დათანხმდა მოიწყვიტოს მისი უკანასკნელი პლაცდარმი ქვეყნის ყოფილ პროვინცია კოსოვოში და ჩამოჰკრა ისტორიული აკორდი, რათა გადაწყვიტოს ურთიერთობები ევროკავშირში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებათა სანაცვლოდ”. იქვე აღნიშნულია, რომ “სერბული ჩრდილოეთისათვის შეზღუდული ავტონომიის სანაცვლოდ, სერბეთი დათანხმდა არ დაბლოკოს კოსოვოს შესაძლო წევრობა ევროკავშირში – საფასური, რომელიც კოსოვომ გაიღო მისი დამოუკიდებლობის სანაცვლოდ”.

იმავე დღეს “ნიუ-იორკ ტაიმსმა” გამოაქვეყნა სტატია სათაურით “სერბეთმა და კოსოვომ მიაღწიეს შეთანხმებას ძალაუფლების განაწილების თაობაზე”, რომელშიც სხვა ინფორმაციასთან ერთად აღნიშნულია, რომ “კოსოვო ასევე დათანხმდა, რომ განუსაზღვრელი წლების განმავლობაში იგი არ განათავსებს უსაფრთხოების ძალებს სერბულ რეგიონში, ნატოს მშვიდობისმყოფელ ძალებთან შეუთანხმებლად”.

2013წ. 23 აპრილს “ბლუმბერგის” საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ბალკანეთის საკითხებში წამყვანი ჟურნალისტისა და მიმომხილველის ტიმ იუდას (Tim Judah) სტატია სათაურით “კოსოვოს თაობაზე მოლაპარაკება მოწმობს, რომ ევროკავშირი იმსახურებდა ნობელის პრემიას”. სტატიის ავტორს, რომელიც ჯერ BBC -ის, შემდეგ “ტაიმსის”, დღეს კი “ეკონომისტის” კორესპოდენტი და კონფლიქტურ რეგიონებზე მრავალი წიგნის ავტორია, რომელიც საქართველოშიც არაერთხელ ყოფილა ჟურნალისტური მისიით, არაპროფესიონალობასა და არაკომპეტენტურობას ვერაფრით დავწამებთ.

იგი წერს, “გასული კვირის შეთანხმების იმპლემენტირება ძნელი იქნება და ევროკავშირში გაწევრიანებამდე ორივე, სერბეთიც და კოსოვოც, შორს არიან... 2003 წელს მთელ რეგიონს მიეცა პირობა, რომ საბოლოო ჯამში გაწევრიანდება და ეს ასეც სრულდება. არც მოლდაველებს, არც სომხებს, აზერბაიჯანელებს და ქართველებს ასეთი შეპირება არ მისცემიათ. ევროკავშირს არ გააჩნია მიზნის მიღწევის საშუალება, რათა დაეხმაროს ამ ქვეყნებს გადაჭრან მათი გაყინული კონფლიქტები და ძალზე მცირეა იმის ნიშნები, რომ თავად მათ ეს შესძლონ”.

სავარაუდო და სასურველია, რომ იუდას ეს მოსაზრება საქართველოს თაობაზე არ გამართლდეს, მით უმეტეს, რომ 2013 წლის 10 მაისს რადიო ,,თავისუფალი ევროპისათვის’’ მიცემულ ინტერვიუში, ევროკავშირის გაფართოების კომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა, რომ “ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით “სიტყვითაც” და “საქმითაც” გამოხატავს საკუთარ ინტერსს, რომ საქართველო დარჩეს იმ გზაზე, რომელიც მას საბოლოოდ ევროკავშირამდე და ნატომდე მიიყვანს... ჩვენი მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც ეკონომიკურ ინტეგრაციას მოიცავს, საკმაოდ კარგად ვითარდება და ევროკავშირი ერთგულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და თავი აარიდოს სამხედრო ბაზების მშენებლობას თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც მის საელჩოს ბრიუსელში, ფულეს ზემოხსენებული ინტერვიუს თაობაზე ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია, ანალიზი არ გაუკეთებია და შეფასება არ მიუცია.

მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი საკითხების გარჩევის უნარი ნებისმიერ, მითუმეტეს საგარეო უწყების მესვეურებსაც უნდა ჰქონდეთ. კონკრეტულად, განსახილველ საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ როგორც ბ-ნ იუდა, ისე ბ-ნ ფულე, ერთად მონაწილეობდნენ ბრატისლავაში, 2013 წლის 18-20 აპრილს ჩატარებული გლობალური უსაფრთხოების ფორუმში. ყურადსაღბია,რომ ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა შეეხებოდა ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გაფართოების საკითხში წარმოქმნილ პრობლემებს. ბ-ნ იუდა ფორუმზე ერთ-ერთ სექციას ხელმძღვანელობდა, ხოლო ბ-ნი ფულე ამ სექციის რიგითი მონაწილე იყო. ფორუმის დამთავრებისთანავე ორივე მათგანმა საქართველოს მიმართებაში გააკეთეს ზემოხსენებული განცხადებები. შედგა თუ არა ფორუმზე ამ განსხვავებულ პოზიციათა ავტორებს შორის დისკუსია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე- უცნობია და ალბათ ასეც დარჩება.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, 2013 წლის 28 იანვარს, ძალზედ მნიშვნელოვანმა ამერიკულმა სადაზვერვო-ანალიტიკურმა კომპანიამ Stratfor-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით ,,ევროკავშირის წევრობის მსურველთა შერჩევითი ნელი ზრდა“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირს უბრალოდ არ აქვს დიდი სტრატეგიული ინტერესი ბალკანეთის ქვეყნებისადმიც კი, როგორც მათ ჰქონდათ სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც გაფართოების წინა პერიოდში გაწევრიანდნენ. მასალაში გაანალიზებულია გაწევრიანების ყველა შესაძლო კანდიდატის შანსები. საქართველო კვლევაში ნახსენები არ არის.

ამ პირობებში ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვისმინოთ მუდმივი შეპირებები მოახლოებული გაწევრიანების თაობაზე რასაც, უკვე დიდი ხანია, უდაბნოში ბედნიერი მომავლის მირაჟის კონტურების ფორმა აქვს მიღებული, რომელიც, რატომღაც, სერბეთის უმაღლესი მთის - მიდზორის მწვერვალს წააგავს.