მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლაზე, როგორც აღმოჩნდა, დედასთან არ საუბრობს. თუმცა გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ ადვოკატები მასზე მეტ ინფორმაციას ფლობდნენ.
„ჩვენ საერთოდ არ ვეხებით ამ თემებს, იმიტომ რომ არ უნდა ჩემთან ამ თემებზე ლაპარაკი. რაც შეეხება ადვოკატებს, მათი მოგონილი ხომ არ არის [განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ], ალბათ მათ აქვთ საუბარი ამ თემაზე. დღეს ეს ადამიანი უკრაინის მოქალაქეა. უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც მას მისცა მოქალაქეობა, მეორე მხრივ, საქართველომ ჩამოართვა მას მოქალაქეობა. მარტო ციხეში უნდა იჯდეს საქართველოში და მოქალაქეობა არ უნდა ჰქონდეს?, - განაცხადა ალასანიამ.
მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წლის 4 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც სააკაშვილს, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ სააკაშვილმა სხვა ქვეყნის - უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს.