კონგრესი ორპარტიული აქტის მისაღებად ემზადება, რომლითაც რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდის ავლით მოხდება, - ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
დოკუმენტის ინიციატორი კონგრესმენი ტედ ლიუსია.
სენატმა უკვე დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიაროს, თუმცა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამ ინიციატივას არ ემხრობა.
ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მინიმალური დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლებლობასაც კი არ დატოვებს.
ამ დრომდე, აშშ-ის მიერ, ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოებად ჩრდილოეთ კორეა, სირია, კუბა და ირანია აღიარებული.