სი ძინპინმა ჯო ბაიდენს ტაივანის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა, რომ ცეცხლთან თამაში არ ღირს

სი ძინპინმა ჯო ბაიდენს ტაივანის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა, რომ ცეცხლთან თამაში არ ღირს

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ტაივანის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა, რომ ცეცხლთან თამაში არ ღირს.

26 ივლისს, ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ​ტაივანში ვიზიტის შემთხვევაში, ჩინეთი „მტკიცე და ძალისმიერ ზომებს“ მიიღებს.

დღეს გამართულ სატელეფონო საუბარში სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა უნდა დაიცვას „ერთი ჩინეთის პრინციპი“ და რომ ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებლობასა და გარე ძალების ჩარევას.

„ვინც ცეცხლს ეთამაშება, მხოლოდ დამწვრობას მიიღებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ ამას ნათლად ხედავს“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

გასული წლის 16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.