ლევან იოსელიანი: ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც 12-პუნქტიან გეგმაზე მიდის მუშაობა

ლევან იოსელიანი: ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც 12-პუნქტიან გეგმაზე მიდის მუშაობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილი ოპოზიციის მიმართ, 12 რეკომენდაციაზე მუშაობაში სრულად ჩართვა იყო. ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა ჟურნალისტებს ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც 12-პუნქტიან გეგმაზე მიდის მუშაობა, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომ ოპოზიციამ არ უნდა მისცეს „ქართულ ოცნებას“ არგუმენტი, რომ შემდგომში ოპოზიცია დაადანაშაულოს იმაში, რომ ეს 12 რეკომენდაცია არ შესრულდა. არ არის აუცილებელი უცხოელებმა გვითხრან ის, რაც დღესავით ცხადია“, - განაცხადა იოსელიანმა.

ევროპარლამენტარების შვიდკაციანი დელეგაცია საქართველოშია. დელეგაციას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ოპოზიციასთან, მესამე სექტორთან და სახალხო დამცველთან.