სოზარ სუბარი: დღევანდელი წერილით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ როდესაც Credit Suisse-ი აბსოლუტურად უკანონოდ არ ურიცხავს ბიძინა ივანიშვილს თავის კუთვნილ ფულს, ამის მიღმა ძალიან სერიოზული პოლიტიკური განზრახვები დგას

სოზარ სუბარი: დღევანდელი წერილით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ როდესაც Credit Suisse-ი აბსოლუტურად უკანონოდ არ ურიცხავს ბიძინა ივანიშვილს თავის კუთვნილ ფულს, ამის მიღმა ძალიან სერიოზული პოლიტიკური განზრახვები დგას

დღევანდელი წერილით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც აქამდეც ვამბობდით და დიდი ხანი ამ ეჭვს გამოვთქვამდით, რომ როდესაც Credit Suisse-ი აბსოლუტურად უკანონოდ, დაუსაბუთებლად არ ურიცხავს თავის კლიენტს, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს თავის კუთვნილ ფულს, ამის მიღმა დგას ძალიან სერიოზული პოლიტიკური განზრახვები და ეს არ არის უბრალოდ ერთი კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტის თავნებობა იმიტომ, რომ რა თანხაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, ზიანი და ზარალი, რომელსაც ამ შემთხვევაში Credit Suisse-ი იღებს, გაცილებით აღემატება იმ ზარალს, რასაც შეიძლება მისი კლიენტი იღებდეს, მაგრამ Credit Suisse-ი მიდის ამაზე იმიტომ, რომ მას აიძულებენ ეს ნაბიჯი გადადგას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა ასეთი თვითდამაზიანებელი ნაბიჯები გადაედგა შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბანკს, რომელიც თვითონ შვეიცარიული საბანკო სისტემის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ბანკი არის და მით უმეტეს, ის აბსურდული მიზეზები, რასაც ის იმიზეზებს როდესაც თანხის გადარიცხვებზე უარს ამბობს და რა არის ეს აბსურდული მიზეზები. ადრე ის ამბობდა, რომ აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, უკრაინაში ომის გამო თითქოს ის არ ურიცხავს ფულს, თუმცა ყველა სხვა საბანკო გადარიცხვას ეს ბანკი ასრულებდა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მარტო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იყო დაბრკოლებები. თუმცა ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არანაირი კითხვები, არანაირი ლეგიტიმური ეჭვები არ არსებობს და ახლა, დღეს ის იშველიებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

ეს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო, უსამართლო და არასწორია ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ამის შემდგომ არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა მასში მოყვანილი არცერთი დებულება, არ გაიზიარეს რომ ვთქვათ, უნდა გათავისუფლებულიყო მიხეილ სააკაშვილი, უნდა გათავისუფლებულიყო ნიკა გვარამია და არ გაიზიარეს ის მოთხოვნა, რასაც 308 ევროპარლამენტარი ითხოვდა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით. ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ როდესაც 308 ევროპარლამენტარი აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ ითხოვს ივანიშვილის სანქცირებას, ეს შეუძლებელია მოხდეს იმის გამო, რომ ვთქვათ რომელიმე ქართული პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ თუ ვინმეს ლობისტები მოქმედებენ იქ იმიტომ, რომ 308 ადამიანის ასე ერთ უკანონობაზე ხელის მოწერა შეეძლო გაცილებით დიდ ძალას და ამ გაცილებით ძლიერ ძალას, შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ინტერესი, რამენაირად აიძულონ ბიძინა ივანიშვილი რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში და რამენაირად აიძულონ ბიძინა ივანიშვილი ან „ქართული ოცნება“ რომ ამ შემთხვევაში სრულად ჩაერთონ, როგორც ორ მხრივ სანქციებში რუსეთის მიმართ, ისევე ომში, რომელიც იქნება, უკრაინაში მიმდინარე ომში, რომელიც იქნება დამღუპველი საქართველოსთვის. ამაზე არ წავა არც „ქართული ოცნება“, ამაზე არ წავა არც ბიძინა ივანიშვილი და ამიტომ არის, რომ ეს ზეწოლა გრძელდება ამჯერად უკვე ბანკის მხრივ.

კიდევ უფრო გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებზე წერდა, ამ წერილებს აქვეყნებდნენ, როგორც შვეიცარიულ მედიაში, ისე საერთაშორისო სხვა მედიებში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მაგრამ როგორც კი ბოლო წერილში ითქვა, რომ შვეიცარიული ბანკის ამ უკანონო მოქმედებების უკან დგანან სხვა ძალები, რომლებიც აიძულებენ ბანკს, რომ მსგავსი ქმედება ჩაიდინოს, ამის შესახებ ინფორმაცია არცერთმა შვეიცარიულმა მედიამ არ გამოაქვეყნა. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ აქ ძალიან სერიოზული ძალებია ჩართული ბიძინა ივანიშვილის ამ არაფორმალური სანქცირების უკან. ეს არაფორმალური სანქცირება ზოგადად ძალიან მოდაში არის, როგორც ჩანს ბოლო პერიოდში და ამაზე მეტყველებს, როგორც ეს უკანონო ქმედებები, რაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხორციელდება, ისე ის მოვლენები, რასაც საქართველოში ვხედავთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლის თუ მოსამართლეების მიმართ. და ბარემ ამ თემასაც რამდენიმე სიტყვით შევეხები. ის, რაც გამოაქვეყნა მოსამართლე ჩხიკვაძემ არის გამაოგნებელი და ეს არის ის საკითხი, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება პასუხების გაცემა საელჩოს და პირადად ელჩის მიმართ და ეს პასუხები უნდა იყოს მაქსიმალურად დამაჯერებელი“, - მიიჩნევს სუბარი.

იურიდიულმა კომპანიამ, MKD-მ Credit Suisse-ის მიერ კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ შვეიცარიულ მედიაში პრესრელიზი გაავრცელა.