ლევან ბეჟაშვილი უმრავლესობას: თქვენ დიდები ხართ, მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გაქვთ, თქვენგან გადმოდგმული შემხვედრი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენთვის ასევე ვალდებულება, რომ ყველგან გამოგყოლოდით, მათ შორის კომისიებში

ლევან ბეჟაშვილი უმრავლესობას: თქვენ დიდები ხართ, მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გაქვთ, თქვენგან გადმოდგმული შემხვედრი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენთვის ასევე ვალდებულება, რომ ყველგან გამოგყოლოდით, მათ შორის კომისიებში

თქვენ დიდები ხართ, მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გაქვთ, თქვენგან გადმოდგმული შემხვედრი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენთვის ასევე ვალდებულება, რომ ყველგან გამოგყოლოდით, მათ შორის კომისიებში, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებს.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი საკითხები უკვე მომზადებულია და განხილვად ღირს.

„ბატონმა ბექამ [ოდიშარიამ] თქვა, სამუშაო ჯგუფი არ მოგწონთო? სამუშაო ჯგუფიც მოგვწონს და ბუნებრივია, როდესაც საკითხები გამოვიტანეთ, მაშინვე განვაცხადეთ, რომ ამ 4 საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოლიტიკური მოსაზრების დაფიქსირება და შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თქვენ დიდები ხართ, მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გაქვთ, თქვენგან გადმოდგმული შემხვედრი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენთვის ასევე ვალდებულება, რომ ყველგან გამოგყოლოდით, მათ შორის კომისიებში, მიუხედავად იმისა, რომ კომისიები არასათანადო ფორმატია, როდესაც კომიტეტები გვაქვს. ყველა საკითხი, რომელიც წარმოდგენილია, ვფიქრობ, განხილვად ღირს, მომზადებულია, შეიძლება, რომ კომიტეტის სხდომებზე განვიხილოთ და საბოლოოდ შევთანხმდეთ“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის ამ განცხადებას მმართველი გუნდის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი ინიციატივები პოპულისტურია და არაფერს ემსახურება.

„იმდენად კონსტრუქციულად საუბრობთ, ისეთი სურათი იქმნება, თითქოს თქვენ ხართ კონსტრუქციულები და ჩვენ დესტრუქციულები“,- მიმართა ოდიშარიამ ბეჟაშვილს.

მისი თქმით, კონსტრუქციულობა უნდა გამოხატულიყო იმაში, რომ ინიციატივებთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართულიყო.

„თუ ასეთი კონსტრუქციულები ვართ ახლა, საუბრისას, ხომ შეიძლება ეს ყოფილიყო არა მოჩვენებითი, არამედ საგნობრივი და გამოხატულიყო იმაში, რომ წინასწარ კონსულტაციები ჩატარებულიყო. ხომ გადასარევად იცით, რომ დღის წესრიგის გარეშე პლენარული სხდომა ვერ ჩატარდება, ვერც სესია. სავარაუდო დღის წესრიგსაც სჭირდება თავიდან კონსულტაცია. ეს იქნებოდა საზოგადოების, საპარლამენტო საქმიანობის და განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ პატივისცემა“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.