ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატმა დიმიტრი ღონღაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ.
მისი თქმით, დაცვის მხარემ დაზიანებებთან დაკავშირებით მოითხოვა ექსპერტიზა, რომელიც სავარაუდოდ დღეს ჩაუტარდება.
„ვართ ბრალდების მოლოდინში. ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტიზა, რომელიც სავარაუდოდ, დღედ ჩაუტარდება. მისი გზავნილი არის, რომ იგი ამ ყველაფერს, ამ უკანონო დაკავებას უკავშირებს მის აქტიურობას. აქვს გარკვეული გეგმა და დაიწყებს მასალების ეტაპობრივად გამოქვეყნებას, რომელიც არ შეეხება მხოლოდ არჩევნებს“, - აღნიშნავს ადვოკატი.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.