„პარლამენტი ნამდვილად არ ისვენებს. ზაფხულის პერიოდში, სამუშაო პროცესს თუ დავაკვირდებით, ჯგუფები შექმნილია. იცით, რომ მომდევნო კვირაშიცაა ჩანიშნული კომიტეტებთან არსებული რამდენიმე სამუშაო ჯგუფი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პრეზიდენტის მიერ მიწვეული რიგგარეშე სესიის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
როგორც ის აღნიშნავს, რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის იდეა არაფერს ემსახურება.
„რაც შეეხება რიგგარეშე სესიას - გაუგებარია, რაზე უნდა ვიმსჯელოთ. ოპოზიციას რომ ჰკითხოთ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უნდა ვიმსჯელოთ, რომლებიც პირველი მოსმენით მივიღეთ, თუმცა ისინი 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილი არ არიან. ვწუხვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა გაიზიარა, რომელიც ბუნებაში არაფერს არ ემსახურება, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მოლაპარაკე თავი ხელოვნურად ვასაზრდოოთ, რისთვისაც ჩვენ ნამდვილად არ ვართ განწყობილნი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ხვალ გაირკვევა, შედგება თუ არა პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სესია. საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაზე უნდა იმსჯელონ და ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღონ. რიგგარეშე სხდომა გახსნილად რომ გამოცხადდეს, მას 76 დეპუტატი მაინც უნდა ესწრებოდეს. იქამდე, პოლიტიკური განწყობები უკვე ცნობილია. ოპოზიცია კმაყოფილია. ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ ამ სესიას რეკომენდაციების შესრულებასთან საერთო არაფერი აქვს და რეკომენდაციებზე მუშაობა სამუშაო ჯგუფებში უკვე დაწყებულია, რასაც ოპოზიციის ნაწილი არც კი ესწრება.
პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე განკარგულებას ხელი 15 ივლისს მოაწერა