ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, რადგან ის რესურსი, რაც შეიქმნა პოლიტიკურ ველზე "ქართული ოცნების" სახით, სავსებით საკმარისია, გინდა ინტელექტუალურად, გინდა ავტორიტეტით და გინდა საზოგადოებრივი მხარდაჭერით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფინანსები არ არის ივანიშვილისთვის განმსაზღვრელო ფაქტორი, თუ როგორ უნდა მოიქცევა.
"ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც პატრიოტიზმი, ქვეყნისათვის თავდადება არის მთავარი თემა. არ არსებობს არანაირი ფინანსური მექანიზმი, რომელიც მას გადააწყვეტინებს, რომ ან პოლიტიკაში დაბრუნდეს ან ზემოქმედება მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე კანონის დარღვევით. მისი ადვოკატი ფაქტებზე საუბრობს. საოცარია, რომ შვეიცარიულმა ბანკმა გადადგა ასეთი ნაბიჯი, როცა მეორე მსოფლიო ომის დროსაც შენარჩუნებული ჰქონდა თავის ავტორიტეტი, თავის ნეიტრალობით, საბანკო სისტემით. როცა ბანკის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ამის საფუძველი, ესე იგი იჭრება ისეთ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც თქვენ საშუალებას გაძლევთ მე კითხვები დამისვათ და აბსოლუტურად ლოგიკურია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადვოკატების თემა იქნება. მარტო საქართველოს მიმართ რომ იყოს რეზოლუცია, მე ვიტყოდი, რომ კი, რაღაც საკითხია ისეთი, რომელიც ექსკლუზიურია, მაგრამ სულ ახლახან პოლონეთის მიმართ მიიღო ძალიან მკაცრი რეზოლუცია, რომელშიც გმობს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომ პოლონეთს გაუხსნეს დახმარების ტრანში. ასე რომ, სამწუხაროა, თუ ბანკი გარკვეულ პოლიტიკურ თამაშებში იღებს მონაწილეობას,"- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს.