როდესაც რუსული რუბლებით მდიდრდები და თან რუსულ საქმეს აკეთებ ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია დაფინანსების თაობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, როცა ამას ემატება ინფორმაციის დამალვა, აქ უკვე აშკარაა, რომ ელენე ხოშტარიას ნამდვილად რაღაც აქვს დასამალი.
„როდესაც რუსული რუბლებით მდიდრდები და თან რუსულ საქმეს აკეთებ ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია დაფინანსების თაობაზე. როცა ამას ემატება ინფორმაციის დამალვა, აქ უკვე აშკარაა, რომ მას ნამდვილად რაღაც აქვს დასამალი. ყველაფერი ცხადზე უცხადესია. ეს არის პოლიტიკური სტატუსის მქონე პირი და მნიშვნელოვანია, რომ საჯარო იყოს ინფორმაცია მისი ფინანსების შესახებ. ძალიან მარტივად იკვეთება ლოგიკური კავშირი მილიონობით რუსულ რუბლსა და იმ ქმედებებს შორის, რომელიც რუსულ ინტერესებზე ასხამდა წყალს. ეს იყო პოზნერთან დაკავშირებული პროვოკაცია და უამრავი სხვა პროვოკაცია, რომელიც ხოშტარიამ წარსულში მოაწყო. რა კავშირია ამ პროვოკაციებსა და რუსულ რუბლებსა შორის, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს“, - განაცხადა კობახიძემ.
ელენე ხოშტარია მილიონობით რუსული რუბლის ჩარიცხვის შესახებ, დოკუმენტებს ისევ არ ასაჯაროებს და კვლავ ამტკიცებს, რომ ინფორმაცია საჯაროა.
16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.
მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.
ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია იმავე დღეს დაადასტურა.
5 ივლისს „ქრონიკამ“ მორიგი ექსკლუზივი გაავრცელა - რუსეთიდან მიღებული შემოსავლების ნაწილით ელენე ხოშტარიას ოჯახმა სოფელ ორბეთში მიწის ნაკვეთი იყიდა.