ლევან იოსელიანი: ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის - იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

ლევან იოსელიანი: ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის - იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის - იმის ნაცვლად იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული აქვს ქვეყანას, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არა აქვს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

ლევან იოსელიანის თქმით, ოპოზიციას, რომელიც გაუთავებლად რაღაცის განუხორციელობლობაზე საუბრობს, ფოკუსი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გადაააქვს.

„როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ 12-ვე პუნქტს პირნათლად შეასრულებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, როგორ აპირებენ ამის შესრულებას. ჯერ არ მინახავს დოკუმენტი, სადაც იქნება დაწერილი რას როგორ აპირებენ. გამომდინარე აქედან, აუცილებლად დავესწრები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დანიშნულ შეხვედრას. მოვისმენ, რა ხედვა აქვთ. მე მაინტერესებს კონკრეტული დოკუმენტი, კანონმდებლობა რას როგორ აპირებენ, როგორ აგვარებენ პრობლემას სასამართლოში, პოლიციაში, პროკურატურაში, ადამიანის უფლებათა კუთხით და ასე შემდეგ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გარდა ამისა, იოსელიანი მიიჩნევს, რომ პოლარიზაციის პრობლემიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზაა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ “ერთმანეთის მედიებში“ დაიწყოს სიარული და გაიხსნას სივრცე დებატებისთვის.

“როდესაც ადამიანები ერთმანეთთან საუბრობენ, მეტია შეთანხმების შანსი, ვიდრე მაშინ როცა ერთმანეთს ბრიფინგებით ელაპარაკებიან. ამიტომ ორივე მხარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ერთმანეთს ეთერებში დაუძახოს და ცივილიზებული, ევროპული დებატები გამართოს.

თუ ვინმე ხელს ითბობს და ბედნიერია იმით, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელსაც აწყობს საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრკოლებები ჰქონდეს და ეს დაბრკოლებები შიდა დაპირისპირებით იყოს გამოწვეული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.